საჯარო რეესტრმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია „ფორმულაში" ცვლილებების გატარებაზე. მიზეზად ისევ ვადაგასული ქართული პირადობის მოწმობა სახელდება.
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით დავით კეზერაშვილს არ უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (სტატუსი გაუქმებულია (დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა)", - წერია საჯარო რეესტრის მიერ 12 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის 25%-იანი წილის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მოთხოვნა არხის დირექტორის სახელით საჯარო რეესტრში 9 ივნისს შევიდა.
ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის ნახევრის დათმობის გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება - „თაღლითობის გლობალური ქსელი“ გამოაქვეყნა. მასალაში საუბარი იყო ამ სქემასთან დავით კეზერაშვილის შესაძლო კავშირებზე.