2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 16 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რძისა და რძის პროდუქტების, თაფლისა და თხილის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 101 ფაქტი დაფიქსირდა, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 16 მაისამდე, საქართველოში, რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტის 89, თაფლის - 1 და თხილის 11 დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტების დარღვევის 101 შემთხვევიდან 82 შემთხვევაში ჯარიმაა გამოწერილი, 6 შემთხვევაში კომპანიამ გაფრთხილება მიიღო, 13-ის შემთხვევაში კი დამატებითი სანქციაა გამოყენებული.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბიზნესოპერატორების დაჯარიმება ძირითადად კრიტიკულმა შეუსაბამობამ, ეტიკეტირების წესების დარღვევამ, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევამ, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევამ და სააგენტოს მითითების შეუსრულებლობამ გამოიწვია.