მეორე კვირაა საქართველოში ხახვის ფასი საკმაოდ მაღალია და 1 კგ ხახვის ღირებულება ზოგ ადგილზე 8 ლარსაც კი აღწევს, ზოგიერთ სავაჭრო დაწესებულებაში კი პროდუქტი დეფიციტშია. 

რამ გამოიწვია ხახვზე ასეთი მაღალი ფასი, ამის  შესახებ „კომერსანტთან“ საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ისაუბრა. ბეჟიტაშვილის თქმით წელს ფერმერებმა ძალიან ცოტა ხახვი დათესეს, რადგან ბაზარზე სხვა მოლოდინი იყო.

„პროდუქტის  გაძვირება ბაზარზე ხახვის დეფიციტმა და წარმოების შემცირებამ გამოიწვია, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე სხვა მოლოდინები იყო ფერმერებმა  ძალიან ცოტა ხახვი დათესეს და წარმოება შემცირებულია. აზერბაიჯანმა, რუსეთმა და თურქეთმა საიდანაც საქართველოში ხახვი შემოდის გარკვეული შეზღუდვები დააწესეს და პროდუქცია ვერ შემოვიდა, ამიტომ წარმოიქმნა დეფიციტი, რაც ავტომატურად ზრდის  ფასებს.

ჯერჯერობით სხვა პროდუქციაზე დეფიციტი არ არის, თუმცა ეს ყოველთვის მოსალოდნელია, რადგან თუ ჩვენ ადგილობრივი პროდუქცია არ გვაქვს, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიზღუდოს იმპორტი და შეიქმნას დეფიციტი,“ - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

ბოლო დღეებში ხახვის ფასმა აგრარულ ბაზრებში დასტაბილურება დაიწყო და ნელ-ნელა იკლებს. კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება სავაჭრო ქსელებში.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 7 586 ტონა ხახვი შემოვიდა რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით  800 ტონით ნაკლებია,  2022 წლის I კვარტალში საქართველოში 8 361 ტონა ხახვი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულება 2 776 640 აშშ დოლარი იყო. წელს კი პირველ კვარტალში შემოტანილი ხახვის საერთო ღირებულებამ 3 020 490 აშშ დოლარი შეადგინა.

2023 წლის პირველ კვარტალში ხახვის მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო,  საიდანაც 4 249 ტონა ხახვი შემოვიდა, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (1869 ტონა) და თურქეთი (973 ტონა).

2022 წლის პირველ კვარტალში კი სამეული სხვანაირად გამოიყურებოდა: თურქეთი (8133 ტონა) ჩინეთი (220 ტონა) ნიდერლანდები (7ტონა)