რაჭაში პირველი ფიტნესის და ბოდიბილდინგის ცენტრი Fitness House ამბროლაურის ცენტრში გაიხსნა. სავარჯიშო და გამაჯანსაღებელი დარბაზი ამბროლაურის საცურაო აუზის მეორე სართულზე მდებარეობს, თანამედროვე და ხარისხიანი სავარჯიშო ინვენტარითაა აღჭურვილი და მზადაა მსურველების მისაღებად.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Fitness House-ის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, დიდი იმედი აქვთ, რომ მათი დარბაზი მთელი წლის განმავლობაში, 4 სეზონზე შეძლებს მუშაობას და ადგილობრივ და რეგიონის სტუმრებს მოემსახურება.
გიორგი და მისი ოჯახი რაჭაში საცხოვრებლად 7 თვის წინ გადმოვიდა. თავად გიორგი სერტიფიცირებული პერსონალური მწვრთნელია, საერთაშორისო სერტიფიკატი და ბოდიბილდერის გამოცდილებაც აქვს. შარშან „აწარმოე საქართველოში“ რაჭაში ფიტნესის და ბოდიბილდინგის ცენტრის მოწყობის შესახებ პროექტი წარადგინა და 40 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა. ამ თანხით ტრენაჟორები და სხვა საჭირო ინვენტარი იყიდა და რაჭაში პირველი გამაჯანსაღებელი და სავარჯიშო დარბაზი გახსნა.
„თბილისიდან რაჭაში საცხოვრებლად, 7 თვის წინ გადმოვსახლდით. „აწარმოე საქართველოში“ 40 000 ლარიანი გრანტი მივიღე, შემდეგ საჭირო სატრენაჟორო აგრეგატები შევიძინე და სავარჯიშო დარბაზი გავხსენი. ამბროლაურის მერი დამიდგა გვერდში, კარგ ადგილას, საცურაო აუზის მეორე სართულზე, შეღავათიან ფასში იჯარით ფართი მოგვცეს და Fitness House-ი გავხსენით“, - გვიყვება გიორგი ჩალაძე.
მისი თქმით, დარბაზში მეორე სერტიფიცირებული მწვრთნელი და პირადი ინსტრუქტორიც ჰყავთ, რომელიც მსურველებს ჯანსაღი, გასახდომი კვების რაციონის შედგენასა და სავარჯიშო გრაფიკის შედგენაში დაეხმარება და მისი მომსახურება თვეში, დარბაზის ულიმიტო სარგებლობით, 150 ლარი ღირს. Fitness House-ის დღიურად სარგებლობის ფასი 5 ლარია, თვეში - 50 ლარი.
გიორგი ჩალაძის თქმით, Fitness House-ი რაჭაში ერთადერთი ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზია. ჯერჯერობით მხოლოდ თბილისიდან ჩამოსული მომხმარებელი ჰყავთ, თუმცა, იმედი აქვთ, რომ ადგილობრივებიც გამოიჩენენ ინტერესს და სავარჯიშო დარბაზი 4 სეზონზე იმუშავებს.