თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის, ე.წ. ფილარმონიის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი მესამედ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6.5 მილიონი ლარია.

ახალი ტენდერის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარით აღემატება ივლისში გამოცხადებული შესყიდვის საწყის ფასს. წინა ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა პროცედურა ორივე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გამო შეწყდა.

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციისთვის პირველი ტენდერი 2025 წლის სექტემბერში გამოცხადდა. მაშინ პროექტის სავარაუდო ღირებულება 3.8 მილიონი ლარი იყო. მოგვიანებით შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით შეწყდა და პროექტი გაზრდილი ღირებულებით ხელახლა გამოცხადდა.

პროექტი ითვალისწინებს როგორც სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე შემდგომი სამუშაოების ავტორულ ზედამხედველობას. კერძოდ, უნდა შემუშავდეს სარეაბილიტაციო პროექტი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე შენობის მოვლა-პატრონობის გზამკვლევი.

დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში უნდა განახლდეს საკონცერტო დარბაზის სასცენო ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესდეს აკუსტიკური სისტემები. ასევე გათვალისწინებულია საინჟინრო კომუნიკაციების შეცვლა, ლიფტების მოდერნიზაცია და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა.

პროექტის ერთ-ერთი მიმართულება შენობის სრულად ადაპტირებაა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და შენობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას გულისხმობს.