2021 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიების ათეულში 6 აზარტული თამაშებისაა. ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებს შორისაა „აჭარაბეთი“ და „კრისტალბეთი“, რომლებიც მათ სექტორში მოგებით ლიდერები არიან.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, „აჭარაბეთს“ მოგებაც გაეზარდა და შემოსავალიც. 2021 წელს კომპანიამ 381,255 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (2020 წელს 267,974 მლნ ლარი). წმინდა მოგება კი 2021 წელს 147 მლნ ლარი იყო, ეს 62,2 მლნ ლარით მეტია წინა წელთან შედარებით, 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 84.8 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად „აჭარაბეთის” წმინდა მოგების მარჟა 39% იყო. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში, კომპანიის ჯამური აქტივები 83,159 მილიონ ლარს შეადგენდა (2020 წელს 66,472 მილიონი ლარი).
2021 წელს კომპანიის 267,974-მილიონიანი შემოსავალი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება: წმინდა შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან - 309,369 მილიონი ლარი (2020 წელს 238,444 მილიონი ლარი); შემოსავალი სამორინედან - არ ჰქონია (2020 წელს კი 1,053 მილიონი ლარი); შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 32,478 მილიონი ლარი (2020 წელს კი 1,853 ლარი); წმინდა შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან - 24,273 მილიონი ლარი, (2020 წელს - 16,432 მილიონი ლარი); სხვა შემოსავალი (კლიენტებთან გარიგების) - 13,629 მილიონი ლარი (2020 წელს კი 10,679 მილიონი ლარი).
„კრისტალბეთს” 2021 წელს ₾453.5 მილიონის შემოსავალი ჰქონდა, რაც 2020 წელთან შედარებით ₾90 მილიონით მეტია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოსავალი წარმოადგენს დადებულ ფსონებსა და მოგების სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობას.
ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც, 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება ₾177 მილიონი იყო, 2021 წელს ის ₾196 მილიონამდე გაიზარდა, რითაც „კრისტალბეთი” ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა.
2021 წელს კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა: შემოსავალი ონლაინ კაზინოდან - 350.7 მილიონი ლარი; შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 80.3 მილიონი ლარი; შემოსავალი peer to peer თამაშებიდან - 9.4 მილიონი ლარი; სხვა შემოსავალი - 13.1 მილიონი ლარი.
კაზინოებს შორის, მოგების მაჩვენებლით მესამეზე „კროკობეთია“ 59 მლნ ლარის მოგებით, 2020 წელს კი კომპანიის მოგება მხოლოდ 21.8 მლნ ლარი იყო. საანგარიშო წელს კომპანიის სახელფასო ხარჯმა 7.5 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მარკეტინგის ხარჯმა 12 მლნ ლარს გადააჭარბა.