რა ვითარებაა ტურისტული სეზონის მხრივ შავიზღვისპირეთში და რა გავლენა აქვს სექტორზე რუსების მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობას. ამ თემაზე რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ კომერსანტის ეთერში ისაუბრა.

„რა მოლოდინიც გვქონდა წინა წელთან შედარებით, ის მოლოდინი რეალიზებული არაა და კახოვკასთან ერთად, ხელისშემშლელია წარმოუდგენელი წვიმების რაოდენობაც და ეს ხელისშემშლელია, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც, დაახლოებით 20%-მდეა უცხოელი ტურისტების მიერ გაუქმებული ჯავშნები, თუმცა ეს შევსებადია. ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ ტურისტს არაბეთის ქვეყნებიდან, ევროპიდან და აზიიდან. რუსი ტურისტების მხრივ მოლოდინი არ გამართლდება, რადგან იქაც დაძაბული სიტუაციაა და დასვენების სურვილი არ აქვთ. მოკლევადიანი რუსი ტურისტები ნაკლებად იქნება. ის ხალხი ვისაც აჭარაში ნახავთ დიდი უმრავლესობა არის ის ვისაც ინვესტიციაა აქვს ჩადებული, ნაყიდი აქვს ბინები. მშენებლობებს რომლებსაც ბათუმში ვუყურებთ, უმეტესობა ამ ადამიანების შეძენილი ბინებია,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.