ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში რუსული ენერგეტიკული კომპანია Inter RAO შეზღუდვების სიაში შეიყვანა. ევროკავშირის შეფასებით, კომპანია რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სუბიექტად რჩება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს.

Inter RAO-ს საქმიანობა საქართველოში რამდენიმე ენერგეტიკულ აქტივს მოიცავს. კომპანია თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია „თელასის“ აქციების 75%-ს ფლობს. „თელასის“ აქციათა 24.53% კი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მფლობელობაში არსებული „ბესტ ენერჯი ჯგუფის“ საკუთრებაა.

გარდა ამისა, რუსული ენერგოკომპანია საქართველოში მოქმედ ორ ჰიდროელექტროსადგურს — „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ს — ჰოლანდიაში რეგისტრირებული Gardabani Holdings B.V.-ის საშუალებით ფლობს. Inter RAO-ს საკუთრებაში 2016 წლის დეკემბრამდე ასევე იყო გარდაბნის ძველი თბოსადგური.

Inter RAO-სთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით საქართველოს მიერ კომპანიისთვის გადასახდელ კომპენსაციას ეხება. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც Inter RAO-მ განაცხადა, რომ საქართველომ 2013 წლის მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა და ელექტროენერგიის ტარიფში ლარის გაუფასურებით გამოწვეული დანაკარგები სრულად არ ასახა.

კომპანია თავდაპირველად დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა საქართველოსთვის გადასახდელ კომპენსაციად 111 მილიონი დოლარი და დამატებით დარიცხული პროცენტის დაფარვა განსაზღვრა. მხარეებმა 2025 წელს გადახდის გრაფიკზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც კომპენსაციის საბოლოო ტრანში 2028 წლის ივლისში უნდა გადაირიცხოს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით,  Inter RAO-სთვის კომპენსაციის გადახდა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. მისი თქმით, 2025 წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების შედეგად, საქართველოს საბოლოოდ გადასახდელი თანხა 111 მილიონ დოლარსა და დაახლოებით 28 მილიონ დოლარამდე დარიცხულ პროცენტზე ნაკლები იქნება, თუმცა ზუსტი ოდენობა კომერციული კონფიდენციალურობის გამო არ ქვეყნდება. კომპენსაციის ბოლო ნაწილის გადახდა 2028 წლის ივლისისთვის არის დაგეგმილი.