რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბრენდი საქართველო“ გადაცემის წამყვანმა და ავტორმა ლევან კობერიძემ ქვეყნის ბრენდინგის მიმართულებით თავისი ინიციატივა გააჟღერა. მისი თქმით ძალიან კარგი იქნება თუ ქვეყნის ბრენდინგში წიგნიერება წინა პლანზე იქნება წამოწეული და წიგნის მაღაზიებს, მაგალითად „ბიბლუსს“ ხელშეწყობა ექნება, რომ საკუთარი მაღაზიები ე.წ. პირველი სართულის ბრენდინგის მიმართულებით განავითაროს.
„როდესაც წიგნი თვალში ხვდება ახალგაზრდას ეს უკვე ძალიან კარგია. როდესაც ვსაუბრობ ქვეყნის ბრენდინგზე ძალიან ბევრი ქვეყნის ბრენდებში „რითეილი“ ყოველთვის წინა პლანზეა წამოწეული.
ძალიან ბევრი ქალაქი მსოფლიოში იმისდა მიუხედავად თუ რა სეგმენტის მოზიდვას ცდილობს ქალაქი იქნება ეს ტურისტის თუ მცხოვრების, ცდილობს რომ შესაბამისი პირობები შესთავაზოს, ამას ეძახიან პირველი სართულის ბრენდინგს, თუ რა არის ქალაქში პირველ სართულზე მოწყობილი და ყველაზე ხშირი კონტაქტი რასთან გვიწევს. მაგალითად ძალიან ბევრი ბრენდი ცდილობს, რომ პირველ სართულზე მოეწყოს კაფეები.
ვენაში არის სპეციალური ტიპის სისტემა, რომელიც ცდილობს მხარი დაუჭიროს ისეთი ტიპის კაფეებს, რომელსაც შეიძლება ძალიან მაღალი ბრუნვა არ ჰქონდეს, მაგრამ ქალაქის ბრენდინგისთვის იყოს მნიშვნელოვანი.
იგივე ძალიან ბევრი ქალაქი ცდილობს, რომ სამეცნიერო თემატიკა შესთავაზოს ადამიანებს, რაც შეეხება წიგნებს რითეილს ყოველთვის უჭირს და ძალიან კარგი ინიციატივა იქნება, თუ „ბიბლუსს“ საქართველოში ქალაქებთან მიმართებაში ექნება ასეთი თემატიკა, თუნდაც ეს ინიციატივა მუნიციპალიტეტებთან ერთად წამოიწყოს. ქვეყნისთვის წიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იქნება, რომ მაღაზიებს მინიმუმ ჰქონდეთ საკუთარი ბიბლიოთეკა, რომ წიგნები უფრო ხელმისაწვდომი იყოს.
ამ თემით „ბიბლუსს“ შეუძლია რომ მუნიციპალიტეტებს მიმართოს და როდესაც ბავშვი სკოლიდან დაბრუნდება და ამ ბიბლიოთეკას ჩაუვლის მისთვის ეს შეიძლება ძალიან მიმზიდველი ფაქტორი იყოს“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.