„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ყარალაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ქვეყანაში ინვესტორი შემოდის, მას დაცულობის გარანტია უნდა ჰქონდეს. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი სასამართლოს არსებობა.

„ყოველდღიურად მატულობს ნეგატივი, რაც გვესმის, თუნდაც გუშინდელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების ამბავი. ამ ყველაფერს უყურებენ ჩვენი პარტნიორები, იქნებიან ეს პოტენციური, თუ არსებული ინვესტორები, სამწუხაროდ, მოლოდინები დადებითი არ არის. ჩვენი ჯგუფი საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია წარმოდგენილია,  ამ ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული . რეალურად გვითანამშრომლია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პერიოდში. ორივე პერიოდის განმავლობაში იყო დადებითი მხარეები, რაც ქვეყანამ განიცადა ეკონომიკის კუთხით, თავისუფლების კუთხით.

დღევანდელ მოცემულობაში შეცვლია დამოკიდებულება, ქვეყნის მიმართ ნდობის ფაქტორი ძალიან შემცირებულია. აქ რამდენიმე პრობლემაზეა საუბარი და ერთ-ერთი არის სასამართლო. ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომელიც ქვეყანაში შემოდის, რაღაც დაცულობის გარანტია და სივრცე უნდა არსებობდეს. მაშინ, როდესაც დღეს ქართულ სივრცეში სანქცირებული სასამართლო გვყავს, ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს“, - აცხადებს ლევან ყარალაშვილი „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თავისუფალი იყო თუ არა სასამართლო, ლევან ყარალაშვილი პასუხობს: „სასამართლოს პრობლემები რა თქმა უნდა იყო. იმის მაგივრად რომ გაუმჯობესებულიყო, დღეს გაუარესებულ სახეს ვუყურებთ“.

bp.ge