„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის თქმით, არასწორია იმაზე ლაპარაკი, თუ რას მოუტანს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ბიზნესს.

ბურჯანაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ყველა სფეროს, მათ შორის ბიზნესსაც ერთნაირად დააზარალებს.

მისი აზრით, ახლა ყველა პროფესიის წარმომადგენელი უპირველესად, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, შეიძლება ამ დროში ცხოვრება ბედნიერებაც კი იყოს, რადგან სამშობლოს გადარჩენის შესაძლებლობა გვაქვს. 

შეიძლება ეს დღეები ჩვენთვის საამაყო გახდეს, როცა ევროპული ქვეყანა გავხდებით. 90-იანი წლებიდან დღემდე ჩვენ სუვერენიტეტისთვის გვიწევს ბრძოლა და ვფიქრობ, რომ ახლა გარდამტეხი პერიოდია.

დღეს, საქართველოში მცხოვრებ არც ერთ მოქალაქეს რაღაც განსაზღვრული დანიშნულება არ გააჩნია. არც ბიზნესმენები და არც  სფეროში დასაქმებულები არიან გამონაკლისი - ახლა ყველა საქართველოს მოქალაქეები ვართ.

როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ მე არ ვარ პრორუსი და ვარ პროევროპული, ეს ინტეგრაციის შეჩერება დროებითი პროცესიაო, სწორედ აქ  ჩნდება რეალობისთვის თვალის არიდების პრობლემა.

დღეს ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელია, არ მოვხვდეთ იმ მხარეს, სადაც რუსეთია. საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ევროკავშირისკენ კარი ასე ხელმისაწვდომი ყოფილიყოს. ადამიანები, რომლებიც თავის თავს აჯერებენ, რომ კობახიძის განცხადება რაღაც პოლიტიკური ვაჭრობის თემა იყო, უბრალოდ ცდებიან“,- თქვა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის დილასთან“ ინტერვიუში.