მოცვის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა და ამ შედეგით  ქართულმა მოცვმა საკუთარი რეკორდი კვლავ მოხსნა. ამის შესახებ Eastfruit-ი წერს.

ქართული მოცვის სეზონი მხოლოდ 2 თვეს ივნისსა და ივლისში გრძელდება. დანარჩენ თვეებში ექსპორტი პრაქტიკულად არ არის. ივნისში ექსპორტი, ჩვეულებრივ, უფრო აქტიურია, ვიდრე ივლისში. ოფიციალური ვაჭრობის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 1800 ტონას მიაღწია.

2023 წლის ივნისში ექსპორტის მოცულობა 4-ჯერ მეტი იყო 2022 წლის ივნისთან შედარებით და 35%-ით მეტი 2022 წლის მთლიან ექსპორტზე.

Eastfruit-ი წერს, რომ გასული წლის ივნისში ცუდი ამინდები იყო და გზასთან დაკავშირებული შეფერხებები, რამაც რუსული ბაზრის არასტაბილურობასთან ერთად, რომელიც ქართული მოცვის მთავარი საექსპორტო მიმართულებაა, გარკვეულწილად არადამაკმაყოფილებელი შედეგები გამოიწვია. ქვეყანაში ექსპორტმა 425 ტონას შეადგინა. ექსპორტი გაიზარდა 2022 წლის ივლისში, როდესაც რუსეთმა მოულოდნელად დიდი მოცულობით შეიძინა და საქართველომ 935 ტონა მოცვი გაიტანა ექსპორტზე. მთლიანობაში 2022 წელს ქვეყანამ დაახლოებით 1350 ტონა მოცვი გაიტანა.

ოფიციალური ვაჭრობის მონაცემებით, კილოგრამი მოცვი საშუალოდ 6,30 აშშ დოლარადაა ექსპორტირებული, რაც 2022 წლის ივნისის ფასის (6,70 აშშ დოლარი/კგ-ზე) 6%-იანი კლებაა. აშშ დოლარის კურსი ქართულ ლართან მიმართებაში 2023 წლის ივნისში 2022 წლის ივნისთან შედარებით 11%-ით დაეცა, შესაბამისად საექსპორტო ფასი ლარში 17%-ით შემცირდა.

Eastfruit-ი წერს, რომ მთლიანობაში, ქვეყანამ 2023 წლის ივნისში 11,4 მილიონი დოლარის მოცვის ექსპორტი განახორციელა, 2022 წლის ივნისის 2,8 მილიონი დოლარის მაჩვენებელთან შედარებით. ამ პერიოდში ექსპორტის ღირებულება აშშ დოლარში 300%-ით, ხოლო ქართულ ლარში 260%-ით გაიზარდა.

2023 წლის ივნისში ექსპორტირებული 1800 ტონიდან 1675 ტონა რუსეთში წავიდა. ყველა სხვა ქვეყნის წილი საქართველოდან მოცვის ექსპორტში 2% ან ნაკლები იყო. ივნისში საქართველომ შესაძლოა ამ სეზონის პროდუქციის ნახევარზე მეტი ექსპორტზე გაიტანა.

ადგილობრივი მწარმოებლები ამ სეზონზე საქართველოში მოცვის მოსავალს დაახლოებით 3000 ტონად აფასებენ, შარშან - 1500-2000 ტონა იყო.

მიმდინარე სეზონის შეფასებით, 2023 წლის ივნისში ქვეყანამ უკვე გაიტანა პროდუქციის 60% (3000 ტონიდან 1800). ზოგადად, მოცვის ექსპორტი მიმდინარე სეზონზე საქართველოში უკვე რეკორდულია.

საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 10 ივლისის მდგომარეობით, მოცვის 80% უკვე დაკრეფილია.