ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Wecharge საქმიანობის გაფართოებას და მიმდინარე წლის ბოლომდე, ევროპულ ბაზარზე შესვლას გეგმავს. საკითხზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Wecharge-ის დირექტორმა და დამფუძნებელმა, თათია ხაბეიშვილმა განუცხადა, Wecharge პირველია, რომელმაც საქართველოში ფოვერ ბანკების გაქირავების ყველაზე დიდი ეკოსისტემა შექმნა და დღეს ბაზარზე ლიდერია.

„ჩვენი სტარტაპის მთავარი იდეა მდგომარეობს შემდგომში - ის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, ქმნის ენერგიის გაზიარების კულტურას, სადაც ერთ ფოვერ ბანკს მრავალი ადამიანი იზიარებს. კერძოდ, ეს არის თანამედროვე გადაწყვეტა, რომელიც მომხმარებელს დენის წყაროსთან მუდმივ წვდომას აძლევს. Wecharge-ის მომსახურებით სარგებლობას სულ 10 წამი სჭირდება: აპლიკაციაში მომხმარებელი ხედავს უახლოეს სადგურს, მიდის, ასკანერებს QR კოდს და იღებს ფოვერ ბანკს. შემდეგ, ტელეფონს ტენის გადაადგილებისას და აბრუნებს ნებისმიერ Wecharge-ის სადგურში“, - განმარტა თათია ხაბეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს, ქვეყანაში Wecharge-ის 700-ზე მეტი სადგური ფუნქციონირებს, რომლებიც თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთსა და გორშია განთავსებული.