ევროპაში მზის და ქარის ელექტროსადგურების მფლობელები სულ უფრო ხშირად განზრახ წყვეტენ ენერგიის წარმოებას, ექსპერტები კი აფრთხილებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა შენახვის სისტემებსა და მოქნილ ტექნოლოგიებში უფრო მეტი ინვესტიცია.

ევროსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში განახლებადი ენერგიის წყაროები ევროკავშირის ელექტროენერგიის მთლიანი წარმოების 45.5%-ს შეადგენდა, რადგან წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევას. ქარის ენერგია ლიდერობდა, რომელმაც მთლიანი განახლებადი ენერგიის 44.9% უზრუნველყო, შემდეგ მოდიოდა ჰიდროენერგია (28%) და მზის ენერგია (17.3%).

ეს ხდება ირანთან ომის ფონზე, რამაც ნავთობისა და გაზის ფასები გაზარდა და ევროპელებს „მწვანე“ გარდამავალი პერიოდისკენ კიდევ უფრო უბიძგებს.

თუმცა, ელექტროენერგიის უარყოფითი ფასებიც სწრაფად იზრდება, მაგალითად, პირენეის ნახევარკუნძულზე რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. ეს მაშინ ხდება, როდესაც ელექტროენერგიის საბითუმო ფასი ნეგატიურ ტერიტორიაზე ეცემა ჭარბი წარმოებისა და არასაკმარისი მოთხოვნის გამო. განახლებადი ენერგიის წყაროების სწრაფი ზრდის ფონზე, ეს სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს, რადგან მზის და ქარის ელექტროსადგურები ენერგიას ამინდის პირობების მიხედვით გამოიმუშავებენ და არა ფაქტობრივი მოთხოვნის მიხედვით.

შედეგად, განახლებადი ენერგიის გენერაცია ხშირად დროებით ითიშება ან შემცირებულ სიმძლავრეზე გადადის — ამას გამომუშავების შეზღუდვა (curtailment) ეწოდება. ასეთი შეზღუდვა ასევე გამოიყენება მაშინ, როდესაც ექსტრემალური ამინდის პირობები საფრთხეს უქმნის განახლებადი ენერგიის წყაროების მუშაობას - მაგალითად, როდესაც ქარი იმდენად ძლიერია, რომ ტურბინების უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლებელია.

თუ გენერაცია შეზღუდულია მხოლოდ იმიტომ, რომ ელექტროენერგიის წარმოება ეკონომიკურად წამგებიანი ხდება (და არა ქსელის ტექნიკური შეზღუდვების გამო), მას ფასისადმი მგრძნობიარე ან კომერციული შეზღუდვა ეწოდება.

ევროკავშირის რომელი ქვეყანა წყვეტს განახლებადი ენერგიის გენერაციას ყველაზე ხშირად?

ენერგეტიკული ბაზრის საინფორმაციო კომპანია Montel-ის ახალი ანალიზით დადგინდა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში კომერციული გენერაციის შეზღუდვები შემცირდა ევროპის ქვეყნების უმეტესობაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა.

გერმანიაში კომერციული წარმოების შემცირების მოცულობა 20%-ით გაიზარდა, 1,216-დან 1,463 გვტ.სთ-მდე, თუმცა ქვეყანაში უარყოფითი ფასების მქონე საათების რაოდენობა 389-დან 299-მდე შემცირდა, რაც 23%-იან კლებას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ ფასების მინუსში გადასვლისას გათიშული განახლებადი გენერაციის მოცულობა ახლა გაცილებით მეტი ვიდრე ადრე.

გასულ წელს შემოღებული კანონის Solar Peak Act–ის თანახმად, გერმანიაში ახალი განახლებადი ენერგიის დანადგარები კარგავენ გარანტირებულ სუბსიდიურ დანამატს, როგორც კი საბითუმო ფასები უარყოფითი გახდება. ექსპერტების თქმით, ამან განახლებადი ენერგიის ოპერატორებისთვის „გაცილებით უფრო ძლიერი კომერციული სტიმული“ შექმნა, რომ ქარხნები დახურონ, ზარალით მუშაობის გაგრძელების ნაცვლად.

ვრცლად euronews – ზე