„საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის“, — აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

მისი თქმით, ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია.

„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია — ფაქტობრივად, ყველა სექტორი მონაწილეობს ეკონომიკური ზრდის შედეგების მიღწევაში. განსაკუთრებით მაღალი წვლილით გამოირჩევა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორები.

ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. როგორც მოგეხსენებათ, ექსპორტის 20%-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 6 თვის მაჩვენებლებით 62%-ზე მეტად არის გაზრდილი“, — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული შედეგები იმ სწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს.

„აქ შეიძლება მოვიყვანოთ, მაგალითად, ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზეა მიმართული, ასევე ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, და ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს“, — აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.