ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში მიგრაციული კრიზისი ესპანეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევაა.

მისი თქმით, მთავრობა სიტუაციის მოსაგვარებლად „სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომ ყველა მექანიზმსა და რესურსს“ გამოიყენებს.

სანჩესის მტკიცებით, ამჟამინდელი კრიზისი მკვეთრად ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ არალეგალური მიგრაციის შემცირების კუთხით მიღწეულ მდგრად წარმატებას.

ესპანეთის პრემიერის განცხადებით, შეიქმნება დროებითი მიმღები ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების იდენტიფიცირებას, რეგისტრაციას, პირველადი შეფასების ჩატარებას და იმ პირთა დაჩქარებულ გაძევებას, რომლებსაც ესპანეთში ყოფნის კანონიერი საფუძველი არ გააჩნიათ. მისი თქმით, ესპანეთი ამ საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლებს მაროკოსთან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი ჯარებს აგზავნის ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ანკლავ სეუტაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ათასობით მიგრანტი მაროკოდან ამ ტერიტორიაზე ზღვის საშუალებით შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სეუტაში ჩასვლის მცდელობისას სულ მცირე 18 ადამიანი დაიხრჩო.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე თვეში დაადგინა, რომ სეუტაში ან კიდევ ერთ ესპანურ ანკლავში, მელილაში, ზღვაში დაკავებულ მიგრანტებს მაროკოში დაუყოვნებლივ ვერ დააბრუნებენ. სანჩესის განცხადებით, სეუტაში არსებული მიგრაციული კრიზისის უკან ადამიანთა ტრეფიკინგით დაკავებული ჯგუფები დგანან და ისინი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მიგრანტებს განზრახ მცდარ ინფორმაციას აწვდიან.