ქართული სამკერვალო კომპანია „იმერი“ საერთაშორისო ბრენდ Moncler-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Moncler-ის აუდიტი წარმატებით გაიარეს და ამიერიდან იტალიური ბრენდი ქუთაისშიც შეიკერება.
„იტალიური ბრენდ Moncler-ის აუდიტი წარმატებით გავიარეთ და უკვე ოფიციალური წარმომადგენლობა ვართ, ვინც მათი მაღალი ხარისხის პროდუქციას შექმნის“, - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის ინფორმაციით, Moncler-თან თანამშრომლობის დაწყება დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა პამდემიის გამო გეგმები შეიცვალა და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გახდა შესაძლებელი პირველი პარტიის გაშვება.
„რამდენიმე პარტია უკვე გაგზავნილია და ქალის ტანსაცმლის მიწოდება აქტიურად მიმდინარეობს. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამ თანამშრომლობის დაწყება არაერთხელ გადაიდო, პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი. თუმცა ყველაფერი გამოსწორდა და ახლა უკვე საწარმოში თანამშრომლების რაოდენობაც გავზარდეთ“, - აცხადებენ სამკერვალოში.
ამ ეტაპზე კომპანიის ძირითად პარტნიორად გერმანული Lebek რჩება, თუმცა კომპანიაში იმედოვნებს, რომ მალე მას Moncler-ი ჩაანაცვლებს.
სამკერვალო ფაბრიკა „იმერს“ 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი დამკვეთებისთვის მუშაობს.