ყურძნის ნატურალური ღვინო საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საქონელია. 2023 წელს ექსპორტზე 259 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა. მისი წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში (რეექსპორტის გარეშე) 9.2% იყო და მხოლოდ სპილენძის მადნებს და კონცენტრატებს ჩამორჩებოდა.

IDFI „საქსტატზე“ დაყრდნობით ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბოლო 10 წელში ღვინის ექსპორტს აშკარად გამოხატული ზრდის ტენდენცია აქვს, 45%-ით გაიზარდა. ღვინის ექსპორტი 2010-2012 წლებშიც იზრდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვნად 2013-2014 წლებში გაიზარდა, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგო მოხსნა. 2015-2016 წლებში რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ქართული ღვინის ექსპორტის ჯამური მოცულობა 37%-ით შემცირდა. 2017 წლიდან ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა და მაქსიმალურ მაჩვენებელს - 259 მლნ დოლარს 2023 წელს მიაღწია. თუმცა, მოცულობის მიხედვით ექსპორტზე რეკორდული რაოდენობა 2022 წელს გავიდა - 102 ათასი ტონა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ღვინის ექსპორტის ჯამური ღირებულება 2.6%-ით გაიზარდა, მოცულობა 12%-ით შემცირდა და 90 ათასი ტონა შეადგინა. მოცულობის კლების პარალელურად ჯამური ღირებულების ზრდა ღვინის უფრო ძვირად გაყიდვამ განაპირობა.

„ექსპორტის მოცულობასთან ერთად მნიშვნელოვანია ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი. 2023 წელს საქართველომ ღვინო 66 ქვეყანაში გაიტანა და ქართული ღვინის ყველაზე მსხვილმა ბაზარმა, რუსეთმა, ერთი ლიტრის საშუალო ფასით 61-ე ადგილი დაიკავა. 2023 წელს საქართველომ რუსეთში ერთი ლიტრი ღვინო საშუალოდ 2.7 დოლარად გაყიდა. ყველაზე ძვირად - ლიტრი 33 დოლარად ქართული ღვინო სინგაპურში გაიყიდა, სადაც 2023 წელს 11 ტონის ექსპორტი განხორციელდა. შემდეგ მოდის ისლანდია, სადაც ერთი ლიტრის საშუალო ფასი 13 დოლარი იყო და ტაივანი, სადაც საშუალო ფასი 12 დოლარი იყო. ყველაზე იაფად ქართული ღვინო აფრიკის ორ ქვეყანაში ნიგერიაში და ნიგერიში გაიყიდა, შესაბამისად 1.9 და 2.3 დოლარად. ამ ორ ქვეყანაში 2023 წელს ჯამში 20 ტონა ქართული ღვინო შევიდა.

შედარებით მსხვილი ბაზრებიდან აღსანიშნავია აშშ, სადაც 2023 წელს 907 ტონა ქართული ღვინო გაიყიდა და ლიტრის საშუალო ფასმა 6.2 დოლარი შეადგინა. აშშ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ღვინის საიმპორტო ბაზარია. 2022 წელს აშშ-ში 7.7 მლრდ დოლარის ღვინის იმპორტი განხორციელდა. შედარებისთვის, რუსეთში ამავე წელს 9-ჯერ ნაკლები, 887 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განხორციელდა. თუმცა, რუსული ბაზარი საქართველოსთვის ახლო და ტრადიციული ბაზარია, სადაც ქართული ღვინოს კარგად იცნობენ.

რაც შეეხება ევროკავშირს, 2023 წელს ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასმა 3.1 დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ქართულ ღვინოზე მნიშვნელოვნად განსხვავებული ფასებია. ყველაზე დაბალი საშუალო ფასი პოლონეთშია - ლიტრზე 2.5 დოლარი, ხოლო ყველაზე მაღალი ირლანდიაშია - 11 დოლარამდე. ამავე დროს, პოლონეთზე ევროკავშირში შეტანილი ქართული ღვინის 60% მოდის და შესაბამისად, პოლონეთის ფასები ევროკავშირში ქართული ღვინის საშუალო ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს. 2023 წელს, პოლონეთის შემდეგ, საქართველომ ყველაზე მეტი ღვინო ლატვიაში - 1,147 ტონა (ლიტრის საშუალო ფასი 3.6 დოლარი) და გერმანიაში - 991 ტონა (ლიტრის საშუალო ფასი 4.7 დოლარი) გაყიდა“, - ნათქვამია კვლევაში.