2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში მოქმედ კომპანიებს 92.5 მილიარდი ლარის ვალდებულებები ჰქონდათ. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების ანალიტიკიდან ირკვევა.
შესაბამისი განმარტებით, არაფინანსური კორპორაცია არის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაც მოგების მიღების მიზნით საბაზრო საქონლის წარმოება და არაფინანსური მომსახურების გაწევაა. ამ კატეგორიაში მოიაზრებიან კომპანიები საფინანსო სექტორის (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) მიღმა — მაგალითად: სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, სუპერმარკეტების ქსელები, ენერგეტიკული კომპანიები და ა.შ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 82.1 მილიარდი ლარიდან 92.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები 23.8 მილიარდ ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ჯამური ვალდებულებებიდან კომპანიებს 18 მლრდ ლარის (დაახლოებით 19.5%) ვალდებულება უცხოურ ვალუტაში აქვთ, საიდანაც უშუალოდ არარეზიდენტების მიმართ არსებულმა ვალმა 11.2 მლრდ ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციითვე, კომპანიებმა 2025 წელს ვალის მომსახურებაზე (იგულისხმება სესხის ძირისა და პროცენტის გადახდა) 13.2 მილიარდი ლარი დახარჯეს, საიდანაც უშუალოდ სესხის პროცენტის ხარჯმა 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა.
კომპანიები ფულს მხოლოდ ბანკებისგან არ სესხულობენ — ისინი სესხებს იღებენ როგორც კერძო პირებისგან, ისე სხვა კომპანიებისგან.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს აღნიშნული ვალების გასტუმრებაზე (როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე პროცენტის გადასახდელად) შემდეგი თანხები დაიხარჯა:
- 172 მილიონი ლარი — ფიზიკური პირებისგან აღებული სესხების მომსახურებაზე;
- 983.2 მილიონი ლარი — სხვა არაფინანსური კომპანიებისგან აღებული სესხების მომსახურებაზე.