თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია "ქალაქურის" დამფუძნებლის, მურად ღოღაძის ინფორმაციით, ჩინეთში კომპანიის პროდუქცია შემოდგომიდან, მოსავლის აღების შემდეგ გაიყიდება.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მურად ღოღაძე აღნიშნავს,  მთლიან საექსპორტო წილში ჩინეთის ბაზარი დაახლოებით 5%-ს დაიკავებს.

"აღნიშნული მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება უცხოელი მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე. ჩინეთის ბაზარი მოგეხსენებათ, ძალიან დიდია და კონკურენციაც მაღალია. თუმცა ჩვენი პროდუქცია გემოვნური თვისებებით განსხვავებულია. ამასთან, დიდ კონკურენციას გვინდა მაღალი ხარისხით ვუპასუხოთ. ამ ეტაპზე ექსპორტზე გერმანიაში, კანადაში და აშშ-ში გავდივართ. ცხადია, მუდმივად ვცდილობთ საექსპორტო ხაზის გაფართოებას", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

მურად ღოღაძე ადგილობრივი ბაზრის ტენდენციებსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ პროდუქციის რეალიზაცია ამ ეტაპზე დაახლოებით, 3-5%-მდეა გაზრდილი, რასაც კომპანიის ცნობადობის გაზრდას უკავშირებს. მისივე თქმით, "ქალაქური" ასორტიმენტსაც ზრდის. კერძოდ, თხილის კარაქი და ხილის ჯემები ადგილობრივ ბაზარზე შემოდგომაზე გამოჩნდება.

"ზოგადად პროდუქციის რეალიზაცია ამ ეტაპზე გაზრდილია. ზრდის მაჩვენებელი მომხმარებლის მოთხოვნამ გამოიწვია. ჩვენი პროდუქციის მიმართ ცნობადობა იზრდება, რაც ბიზნესზეც დადებითად აისახება. თხილის კარაქი და ხილის ჯემები ადგილობრივ ბაზარზე შემოდგომაზე გამოჩნდება - ისინი უკვე დამზადებულია.

საწარმოს, რაც შეეხება წეროვანში გვაქვს, თუმცა მისი მუშაობა სეზონურია. ვიღებთ პროდუქციას, ვაშრობთ და შემდეგ ვინახავთ.  ამჟამად, ობიექტზე მხოლოდ ჩირს ვაწარმოებთ. მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში წარმადობას გავზრდით, რადგან რესურსი გვაქვს. რაც შეეხება პროდუქციის შეფუთვას, ამ ხაზს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაფუთ მასალებს ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორი კომპანია გვიმზადებს", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, "ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო  ქსელის  საშუალებით  ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ  პროდუქციას აწარმოებს/ყიდის. მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა,  მიწის თხილი, გოგრის გული,  სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით,  თაფლით და მარილით, და ასევე, პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.

ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე  დაფასოებული -  200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.

წყარო: ბიზნესპარტნიორი