Edison Tech Solutions-ის ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ქართული უკუვენდინგ აპარატის კონსტრუქციული ნაწილი უკვე მზადაა, მალე მის პროგრამულ ნაწილზეც დასრულდება მუშაობა, რის შემდეგაც მოქალაქეები ბოთლის სანაცვლოდ „ტენეს“ კრიპტოვალუტის მიღებას შეძლებენ, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ტენე“ ავრცელებს.

„ქართული ტექნოლოგიური კომპანია Edison Tech Solutions-ის ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ქართული უკუვენდინგ აპარატის ჰარდი ანუ კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებულია, მალე დასრულდება პროგრამული ნაწილიც და ჩვენი მოქალაქეები ბოთლის სანაცვლოდ შეძლებენ მიიღონ ტენეს კრიპტოვალუტა - „პლასტმასის ქოინი", რომლის გადაცვლაც შეეძლებათ იუ ეს ბი სადენში, სამომავლოდ კი ნაღდ ფულში.

აპარატი მოქალაქეს ასევე ტელეფონის დამუხტვის საშუალებასაც მისცემს, ამისთვის კი 1 ბოთლის ჩაგდება იქნება საჭირო“, - ნათქვამია „ტენეს“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში იტალიის ქალაქ რიმინიში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა Ecomondo-ზე, ქართულმა კომპანია „ტენემ“ პირველი ქართული „უკუ-ვენდინგ“ აპარატი წარმოადგინა, რომელიც ბოთლებს ჩაიბარებს და სანაცვლოდ დაგროვების ბარათზე ავტომატურად ქულებს დარიცხავს და ტელეფონს დატენის. დარიცხული ქულებით მომხმარებელი სხვადასხვა ნივთების შეძენას და ფასდაკლებებით სარგებლობას შეძლებს.