ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მდებარე კოროხნალის მაღარო უკვე ოთხ თვეზე მეტია პარალიზებულია. მოსახლეობის ნაწილი 700-ზე მეტ თანამშრომელს მუშაობის შესაძლებლობას ამ დრომდე არ აძლევს. მათი მთავარი მოთხოვნა მადნის მომპოვებელი კომპანიისგან დამატებითი კომპენსაციის მიღება და მუშაობის შეწყვეტაა. რა თანხები გაიცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კომპენსაციების სახით და სად ხედავს კომპანია გამოსავალს. ამ კითხვებს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" წარმომადგენელმა, მირიან ბიჭიკაშვილმა უპასუხა.
- რა კრიტერიუმით განისაზღვრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კომპენსაციების გაცემა ზიანის ანაზღაურების მიზნით?
ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ სალიცენზიო არეალში კომპანია წინასწარ გეგმავს და აიდენტიფიცირებს იმ ტერიტორიას, სადაც მადნის მოპოვების მიზნით, მიწისქვეშა სამუშაოების წარმოება უნდა მოხდეს. ტერიტორიის იდენტიფიცირების შემდეგ, იწყება მოცემულ არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან მოლაპარაკება მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ანაზღაურების პრინციპის შესახებ. მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, სპეციალისტი აფასებს უძრავი ქონებას, რა გზითაც დგინდება საკომპენსაციო თანხის ოდენობა და მხარეებს შორის იდება ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა მოქალაქეებს აძლევს საშუალებას შეიძინონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ანალოგიური მიწა, ააშენონ ისეთივე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები მათში არსებული რემონტის გათვალისწინებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უძრავი ქონების შეფასებისას კომპანია არ ითვალისწინებს გარემოებებს, რომელიც საცხოვრებელი სახლის სიძველით განპირობებულ დაზიანებაზე მიუთითებს და არა მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დამდგარ ზიანზე.
- როგორ განისაზღვრება კომპენსაციის გაცემის რიგითობა?
კომპენსაციის გაცემის რიგითობა განისაზღვრება ტერიტორიული პრინციპით ან/და უძრავი ქონების სიმძიმიდან გამომდინარე, მოსახლეობასთან წინასწარი შეთანხმებით. ტერიტორიული პრინციპი მოქმედებს, როდესაც ანაზღაურდება იმ მესაკუთრეთა ქონება, სადაც პირველ რიგში მიმდინარეობს მოპოვებითი სამუშაოები. მეორე პრინციპი გულისხმობს კომპენსაციების გაცემას ყველაზე მეტად დაზიანებული უძრავი ქონების მესაკუთრეებზე. ორივე პრინციპი სამართლიანია და საბოლოოდ, ტერიტორიის დამუშავების პარალელურად ზიანი ანაზღაურდება იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას დასამუშავებელ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კომპანია ითვალისწინებს ადამიანების მიჯაჭვულობას თავიანთ სახლებთან და კომპენსაციის მიმღებებს გამოსყიდულ ქონებას საკუთრებაში უტოვებს.
- რამ გამოიწვია მიმდინარე პროტესტი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილში?
2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასა და მადნის მომპოვებელ კომპანიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი, რომ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქვეშ განხორციელებულიყო მადნის მოპოვება. აღნიშნული დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, შუქრუთში მცხოვრებ ათეულობით ოჯახზე გაიცა 12 მილიონ ლარზე მეტი საკომპენსაციო თანხა. 2024 წლის მარტის თვეში კი შუქრუთის მოსახლეობის ნაწილმა გადაკეტა მაღაროები, რითაც კომპანიის საქმიანობის პარალიზება მოახდინეს. აუცილებლად ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მიმდინარე პროტესტს ხელმძღვანელობენ ის პირები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და მეტიც, სრულად აქვთ აღებული საკომპენსაციო თანხები. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში საკომპენსაციო თანხა წარმოადგენს სამომავლოდ მოსალოდნელი უძრავი ქონების სრული დაზიანების შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას და ამ თანხის გადახდის შემდგომ მესაკუთრემ ხელი არ უნდა შეუშალოს კომპანიას სამთო მოპოვებით სამუშაოების წარმოებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საკომპენსაციო თანხა უკან გამოითხოვოს.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რის საფუძველზე ითხოვენ აქციის მონაწილეები დამატებით თანხებს?
მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ პირებს პროტესტის გამოხატვის არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ. მიმდინარე პროცესის პარალელურად, როდესაც პროტესტის მონაწილეებმა წარმოგვიდგინეს ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პროტესტი მხოლოდ იმ პირობით შეწყდება, თუ კომპანია უკვე გადახდილი თანხების მიუხედავად, გადაიხდის დამატებით თანხებს და შეწტვეყს მოპოვებით სამუშაოებს. ცხადია, კომპანია ასეთ აბსურდულ და უკანონო შეთავაზებას ვერ დათანხმდება. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ადამიანებს უკვე მიღებული აქვთ ქონების სრული ღირებულება. შესაბამისად, მათ მიერ გაჟღერებული პრეტენზიები, რომ თითქოს კომპანია აზიანებს სახლ-კარს და არ ანაზღაურებს დამდგარ ზიანს, სიმართლეს არ შეესაბამება. დიახაც, ეს თანხები კომპანიამ გადაიხადა იმ გონივრული მოლოდინიდან გამომდინარე, რაც მოპოვებით სამუშაოებს მოჰყვება. და მოსახლეობასაც ჰქონდა გააზრებული, რომ მათი უძრავი ქონება დაზიანდებოდა. ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ პროტესტის ორგანიზატორებს, 2021 წელს საშუალოდ 150 000 ლარზე მეტი აქვთ აღებული, ერთს 197 000 ლარი, მეორეს ორასი ათასზე მეტი და ა.შ.
- დღევანდელი მონაცემებით, უშუალოდ ამ სოფლის მოსახლეობაზე ჯამურად რა ოდენობის საკომპენსაციო თანხაა გაცემული?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სოფელ შუქრუთში უკვე გადახდილია 12 მილიონ ლარზე მეტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. ფაქტობრივი მონაცემებით კი 3-ჯერ მეტი თანხაა გადახდილი.
- შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რაში ხედავთ გამოსავალს?
კომპანიას მხოლოდ სამართლებრივი გზა აქვს დარჩენილი, რაც პროცესში საგამოძიებო ორგანოების ჩართვას გულისხმობს, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის კომპანიის საკუთრებას. კერძოდ, საუბარია ფაქტზე, რომ პროტესტის მონაწილეებმა უკანონოდ შეაღწიეს კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე და თვითნებურად გათიშეს განიავების სისტემა, რითაც სუფთა ჰაერით მომარაგება შეუწყვიტეს მიწისქვეშა ობიექტების. უკვე ოთხი თვეა მაღაროებში არ უშვებენ ტექნიკურ ჯგუფს და ვეღარ მიმდინარეობს გადამაგრების სამუშაოები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვირაბების ჩამოქცევა და განუზომლად დიდი ზარალი. შესაბამისად, დაითვლება კომპანიისთვის მიყენებული ზარალი, ეს დოკუმენტაცია წარედგინება სასამართლოს და დადგება მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ.
- რამდენად აფერხებს მაღაროების პარალიზება კომპენსაციების გეგმის მიხედვით გაცემის პროცესს?
მოგეხსენებათ, კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს მადნის მოპოვებასა და შემდგომში მისი რეალიზებიდან შემოსავლის მიღებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც კომპენსაციების გაცემა, ასევე კომპანიაში დასაქმებული 4000 თანამშრომლისათვის ხელფასების გადახდა.
- პროტესტის გაგრძელების პირობებში რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანაში ერთ - ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანია?
ამ ეტაპზე, კომპანია მოცემული ხარჯების გასტუმრებას ახერხებს საფინანსო ინსტიტუტებიდან მოძიებული რესურსით - კრედიტით. ეს რესურსიც უკვე ფაქტობრივად ამოწურულია და თუ უახლოეს მომავალში არ განახლდება სამუშაოები, დიდი საშიშროებაა იმის, რომ კომპანია ვეღარ მოახერხებს არათუ კომპენსაციების გაცემას, არამედ თანამშრომლებისათვის ხელფასების გადახდასაც. ეს ყველაფერი კი კატასტროფულ შედეგებთან მიგვიყვანს არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, რომ მთლიანად რეგიონის ეკონომიკა ამ კომპანიის საქმიანობაზეა დამოკიდებული. როგორც პირდაპირ დასაქმებული ადამიანები, ასევე კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო გარე მომსახურების გამწევთათვის გადახდილი ანაზღაურებით.
წყარო: CMC