საქართველოში მოქმედმა ექვსმა უმსხვილესმა ონლაინ სათამაშო კომპანიამ 2024 წელს ჯამურად თითქმის 2 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამის შესახებ finSPOT-ის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევა მოიცავს შემდეგ კომპანიებს: შპს „მარსი“ (Crystalbet), შპს „ფულ ჰაუსი“ (Crocobet), შპს „ეი ბი ჯორჯია“ (Adjarabet), შპს „ბეთლაივი“ (Betlive), შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“ (Leaderbet) და შპს „ევროპაბეთი“ (Betsson, ყოფილი Europebet). აღნიშნული კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ ონლაინ კაზინოს თამაშებს, სპორტულ ფსონებსა და peer-to-peer თამაშებს.
მიმოხილვის მიხედვით, 2019 წელს ამ ექვსი კომპანიის ერთობლივი შემოსავალი 773 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო ხუთ წელიწადში მათი მასშტაბი დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გაზრდილმა საგადასახადო ტვირთმა კომპანიების მომგებიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა სექტორი კვლავ მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს. 2024 წელს ექვსი კომპანიის ჯამურმა EBITDA-მ 615 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო შეწონილმა EBITDA მარჟამ 31%-ს გადააჭარბა.
ფინანსური მონაცემების თანახმად, 2024 წელს კომპანიების ჯამურმა თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (Unlevered Free Cash Flow) 651 მილიონი ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი წილი Crystalbet-სა და Crocobet-ზე მოდის, რომლებმაც სექტორის თავისუფალი ფულადი ნაკადების დაახლოებით 60% შექმნეს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თავისუფალი ფულადი ნაკადების 80%-ზე მეტი დივიდენდების სახით გაიცემა. მხოლოდ 2024 წელს ექვსმა კომპანიამ ჯამში 535 მილიონი ლარის დივიდენდი გასცა, ხოლო 2019-2024 წლებში გაცემული დივიდენდების საერთო მოცულობამ 2.5 მილიარდ ლარს მიაღწია.
finSPOT-ის შეფასებით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული ბიზნესგარიგებები სწორედ სათამაშო ინდუსტრიას უკავშირდება. საჯაროდ ცნობილი გარიგებების მიხედვით, ქართველმა მფლობელებმა სათამაშო ბიზნესების გაყიდვიდან ჯამურად დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, თუმცა რეალური მოცულობა, სავარაუდოდ, უფრო მაღალია, რადგან ზოგიერთი გარიგების ღირებულება საჯაროდ არ გასაჯაროებულა.