საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ლანა გელაშვილის განმარტებით, კანონისმიერი გარანტია ვაჭრობის დროს აბსოლუტურად ყველა ნივთსა და მომსახურებაზე ვრცელდება. ხშირად მოვაჭრეები „ქარხნული წუნის“ შემთხვევაში ნივთს უკან უპრობლემოდ იბრუნებენ, თუმცა მათ  უკან დაბრუნების ვალდებულება მაშინაც აქვთ, როცა ნივთს „არაქარხნული წუნი“ - თავდაპირველი ნაკლი აღმოაჩნდება, რომელიც გაყიდვის მომენტში ხილვადი არ იყო.

მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის შეცვლის/შეკეთების/ფასის შემცირების/ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით მოვაჭრეს მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე უარს განაცხადებს მომხმარებლის დარღვეული უფლების აღდგენაზე, მას შეუძლია განცხადებით მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. სააგენტოსთვის მიმართვის ვადა შეადგენს ნივთის შეძენიდან 2 წელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი 6 თვის მანძილზე მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ მან მომხმარებელს უნაკლო ნივთი/მომსახურება გადასცა სრულად მოვაჭრეზე ეკისრება.

„კანონისმიერი გარანტია აბსოლუტურად ყველაფერზე ვრცელდება, ნებისმიერ საქონელსა და მომსახურებაზე. გარანტია ნივთის შეძენიდან ორი წლის განმავლობაში გრძელდება და ეს ეხება თავდაპირველ ნაკლს. თავდაპირველი ნაკლი შეიძლება იყოს ვიზუალურიც და ფარულიც. თავდაპირველი  ნაკლი მოიცავს „ქარხნულ წუნსაც“ და „არაქარხნულსაც“, მაგალითად, ნივთს არაქარხნული წუნი შეიძლება გაუჩნდეს სავაჭრო ობიექტში დებისგან.

ნაკლიანი ნივთის გადაცემის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ნივთის შეკეთება ან შეცვლა. მომხმარებელმა და მოვაჭრემ, შეთანხმების საფუძველზე უნდა გადაწყვიტონ, შეკეთებაა უფრო გონივრული თუ შეცვლა. თუ ნივთი იმდენად დაზიანებულია, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარება, გონივრულია, რომ იგი ჩანაცვლდეს იგივე მოდელით. ნივთის შეცვლა და შეკეთება პირველი რიგის უფლებებია. თუ აღნიშნული შეუძლებელია (მაგ.: თუ მაღაზიაში იგივე მოდელის ნივთი აღარ აქვთ), ასეთ დროს მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს მეორე რიგის უფლებები - საქონლის/მომსახურების ფასის გონივრული ოდენობით შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა, ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ წუნდებულ ნივთს მომხმარებელი მოვაჭრეს გადასცემს და სანაცვლოდ მოვაჭრე უკან დაუბრუნებს თანხას.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, მოვაჭრეს ნივთის შესაკეთებლად 30-დღიანი ვადა აქვს; დასაბუთების შემთხვევაში კი შესაძლებელია ეს ვადა 60 დღემდე გაგრძელდეს, ეს იმ შემთხვევებს შეეხება, მაგალითად როცა ნივთის ნაწილი ქართულ ბაზარზე არ არის და მისი საზღვარგარეთიდან გამოწერის საჭიროება დგება. “- აღნიშნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ლანა გელაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

გელაშვილის თქმით, 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის მომხმარებელთა მიმართვიანობა 40%-ით არის გაზრდილი.

„სააგენტოსთვის მომართვიანობის მაჩვენებლებს რაც შეეხება, პირველი კვარტალის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ცნობადობა გაიზარდა, რადგან მომართვიანობა გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 320-მდე განაცხადია შემოსული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 40%-ით მეტია. განცხადებების მეტი ნაწილი თანხის უკან დაბრუნებაზე მოდის, შემდეგ მოდის გარანტიებთან დაკავშირებული პრეტენზიები. განცხადებების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისიდან შემოვიდა, სრული წილის დაახლოებით 60% თბილისზე მოდის, შემდეგ იმერეთი, კახეთი და აჭარა. წინა წელთან შედარებით მომართვიანობა რეგიონებიდანაც გაიზარდა.

სააგენტომ 15-მდე დარღვევა გამოავლინა და  40-მდე პირობითი შეთანხმება გააფორმა, ეს ძალიან საამაყო ფაქტია, რადგან როგორც წესი, ასეთ დროს ორივე მხარე კმაყოფილია“,- აღნიშნა ლანა გელაშვილმა „კომერსანტის“ ეთერში.