ჩინელები ეძებენ არა ქათმის ხორცს, არამედ ქათმის ფეხებს - ქართულ მეფრინველეობას ექსპორტის ახალი შესაძლებლობა ეძლევა, - ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქათმის ფეხი საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია, თუმცა ჩინელები დიდი სიამოვნებით წაიღებენ. 

გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ ქათმის ფეხებზე მზარდი მოთხოვნა, საქართველოში ქათმის ხორცის წარმადობას გაზრდის, რაც იმპორტს შეამცირებს. 

"ჩინური სამზარეულოდან გამომდინარე, ქათმის ფეხი მათთვის დელიკატესია. აღნიშნულ ნაწილს ამუშავებენ მარინადში, სოიოში და სხვადასხვა საკმაზში. სავსებით პერსპექტიული მიმართულებაა.

რაც შეეხება ხორცს - დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე დიდი რაოდენობის გაყინული ქათმის ხორცი, ფილე საქართველოში სწორედ ჩინეთიდან შემოდის. შესაბამისად, ჩინეთიდან ეს ქათმის ფილე გააგრძელებს შემოსვლას, ხოლო საქართველოდან ჩინურ ბაზარზე ქათმის ფეხებს გავიტანთ. ჩინეთთან ექსპორტის საკითხი საქართველოს მხრიდან წახალისებულია, მაგრამ ჩინეთის მხრიდან არის ხოლმე გარკვეული ბარიერები, თუმცა რადგან სამთავრობო დონეზე ეწერება მემორანდუმებს ხელი, ეს ბარიერები, სავარაუდოდ, ჩინეთის მხრიდანაც აღარ იქნება. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზარი იმდენად დიდია, რომ ჩვენი პროდუქცია მათთვის ზღვაში წვეთია, მაგრამ ქათმის ფეხზე გაზრდილი მოთხოვნა ქვეყნის შიგნით, წარმოებებს გაზრდის. წარმოებაში თითოეული თეთრი ითვლება და ქათმის ნაწილები დაბალ ფასში გადის, ამ პროდუქციას "სასუპე ნაკრები" (თავი, ფეხები, კისერი) ჰქვია და ჩალის ფასად იყიდებოდა. ახლა, როცა მოთხოვნა და ფასი გაიზრდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია წარმადობა გაიზარდოს. თუ წარმოება გაიზრდება, იმპორტი შემცირდება", -  აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი. 

ცნობისთვის,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ეწერება ხელი.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას გაუხსნის  ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით.