საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი "ნიკოლი" ფეხსაცმლის წარმოების დაწყებას მიმდინარე  წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს.  როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ნიკა ნიკოლაიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მზადაა ნიმუშებიც, თუმცა, ახალი ხაზის ამოქმედება ქვეყანაში  მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, წლის მეორე ნახევრიდან დაიგეგმა.

ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულებას $60 000-ზე მეტია. მანვე აღნიშნა, რომ "ნიკოლი" საბავშვო ფეხსაცმლისთვის საჭირო ნედლეულს, ერთ-ერთი უცხოური ფეხსაცმლის მწარმოებელი ქარხნიდან ყიდულობს. "ვგეგმავთ, რომ Sneaker - ის მოდელის ფეხსაცმელი ვაწარმოოთ. ეს იქნება ტყავის ფეხსაცმელი ეკო მეგობრული ძირით", - აცხადებს "ნიკოლის" დამფუძნებელი.

ნიკა ნიკოლაიშვილი ტანსაცმლის გაყიდვებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიას ქვეყანაში არსებული  არასტაბილური ვითარების გამო შეფერხება ჰქონდა, თუმცა, აპრილის მდგომარეობით, სარეალიზაციო მაჩვენებლები უმნიშვნელოდ გაიზარდა.

"გაყიდვების კუთხით, უფრო მეტს ველოდებოდით, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ბიზნესზე სარკისებური ეფექტით აისახება. ადგილობრივ ბაზარზე, სტაბილური გარემო უმნიშვნელოვანესია. მსგავს პერიოდებში სამომხმარებლო ხარჯები იკლებს“, - აცხადებს საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის "ნიკოლის" დამფუძნებელი.

ნიკა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ კომპანიას ამ დროისთვის რეგულარული ექსპორტი არ აქვს,თუმცა, "ნიკოლის" მენეჯმენტი ამ ეტაპზე, მარკეტინგულ გუნდთან ერთად უცხოური ბაზრის მონიტორინგს აწარმოებს.

„წელს, ჩინეთის მიმართულებით სტრატეგია შევცვალეთ, მარკეტინგულ გუნდთან ერთად ვმუშაობთ, რომელიც ჩვენი პროდუქტის რეალიზებაზე პასუხისმგებლობას იღებს. ამ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში ვართ, უცხოური ბაზრის მონიტორინგს ვაწარმოებთ. ჩინეთის ბაზარზე გასვლა, ბევრ სპეციფიკურ ნიუანსს მოიცავს, ჩვენ კი, ცხადია, სწორი სტრატეგიით შესვლა გვინდა. მოგეხსენებათ, სწორი ნაბიჯების გადადგმას დიდი დაკვირვება, ბაზრის მონიტორინგი სჭირდება... ვფიქრობ, 2-3 თვე სტატისტიკის გაანალიზებისთვის დაგვჭირდება, რომ სურათი სრულად დავინახოთ“, - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია, ამჟამად, 4 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 3 - თბილისში, 1 - ბათუმში. "ნიკოლს" ტანსაცმლის წარმოებისთვის ნედლეული თურქეთიდან შემოაქვს.

bp.ge