Eurofound-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში დისტანციურად ყველაზე ხშირად ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და შვედეთის მცხოვრებლები მუშაობენ. ლუქსემბურგში დასაქმებულთა 41% სახლიდან სულ მცირე პერიოდულად მუშაობს, ნიდერლანდებსა და შვედეთში კი ეს მაჩვენებელი 38%-ია.
დისტანციური მუშაობის ფართოდ გავრცელება კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი შედეგი გახდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში სახლიდან მომუშავე ადამიანების რაოდენობა ევროკავშირში საშუალოდ სამჯერ გაიზარდა, ლუქსემბურგში კი ოთხჯერ.
თუმცა დისტანციურ მუშაობას მხოლოდ დადებითი მხარეები არ აქვს. ის ადამიანებს სამუშაოსა და პირადი ცხოვრების შეთავსებაში ეხმარება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სამუშაო დრო იზრდება. ეს განსაკუთრებით ნაკლებად კვალიფიციურ თანამშრომლებს ეხებათ, რომელთა სამუშაო გრაფიკსაც ხშირად ხელმძღვანელი განსაზღვრავს. შედეგად, მათ შესაძლოა დილით რამდენიმე საათი იმუშაონ, შემდეგ ხანგრძლივი შესვენება ჰქონდეთ და საღამოს კვლავ დაუბრუნდნენ საქმეს. ასეთი რეჟიმი პირადი დროისა და ოჯახის საქმეების დაგეგმვას ართულებს.
მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, მაგალითად პროგრამისტებს, იურისტებს, ტოპმენეჯერებსა და ფინანსური სექტორის თანამშრომლებს, სამუშაო საათების არჩევის მეტი თავისუფლება აქვთ. თუმცა მოქნილ გრაფიკსაც ახლავს პრობლემა: სამუშაო დღე ხშირად გვიან საღამომდე გრძელდება, თანამშრომლები ვახშმის შემდეგაც პასუხობენ წერილებს, ასრულებენ დავალებებს და ზოგჯერ შაბათ-კვირასაც რჩებიან კავშირზე.
პირადი დროის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია ე.წ. „გათიშვის უფლება“, რაც თანამშრომელს საშუალებას აძლევს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ აღარ უპასუხოს სამსახურთან დაკავშირებულ ზარებსა და შეტყობინებებს. საფრანგეთში ასეთი უფლება უკვე რვა წელია მოქმედებს, ევროკომისია და პროფკავშირები კი ამგვარი წესის ევროკავშირის დონეზე შესაძლო დანერგვაზეც მსჯელობენ.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის განსხვავება კვლავ დიდია. უნგრეთში სახლიდან დასაქმებულთა მხოლოდ 7% მუშაობს, იტალიაში 6%, რუმინეთში კი 4%. ამავე დროს, სტატიაში მოყვანილი სხვა კვლევის მიხედვით, სახლიდან მუშაობამ პროდუქტიულობა შესაძლოა 20%-ით გაზარდოს.