ქართული სტარტაპების ნაწილი
ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. როგორც „კერამიკოს“ თანადამფუძნებელი თათა პაჭკორია აცხადებს, ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა ნედლეულზე ფასის ზრდაა, რაც საბოლოოდ ზრდის თვითღირებულებას და პროდუქტს აძვირებს.
მისი განცხადებით, წინა წლებთან შედარებით ნედლეულზე ფასები საგრძნობლადაა გაზრდილი. მეტიც, ის ყოველთვიურად სულ უფრო მზარდია.
„კერამიკო“ ქართული სტარტაპია, რომელიც თიხისაგან განხვავებულ ჭიქებს, სამკაულებსა და სუვენირებს ამზადებს.
ნაწარმის დასამზადებლად, სტარტაპი ძირითადად ქართულ წითელ თიხას იყენებს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყიდულობს, თუმცა, ასევე იყენებს თურქულ თეთრ თიხასა და საღებავებს, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება.
„ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი ფასები, მაგრამ სამწუხაროდ მაინც გვიწევს ფასის მომატება, რადგან მასალა ძვირდება.“- განმარტავს სტარტაპის თანადამფუძნებელი.
“კერამიკოს“ პროდუქციის შეძენა სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენებზეა შესაძლებელი, პროდუქცია იყიდება ონლაინაც. სტარტაპის მიერ წარმოებული პროდუქციის ფასი 10 ლარიდანაა.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპი უახლოეს მომავალში „აწარმოე საქართველოში“-ს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას აპირებს. დაფინანსების შემთხვევაში „კერამიკო“ წარმოების გაზრდას გეგმავს.
შეგახსენებთ, ქართული სტარტაპი „კერამიკო“ საოჯახო ბიზნესია. კომპანია 7 წელია სხვადასხვა სახეობის თიხისაგან სუვენირებს, აქსესუარებსა და სამკაულს ამზადებს.