სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდი“ შეიქმნა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

ფონდის პირველი მხარდამჭერი 400 000- ლარიანი დონაციით “საქართველოს ბანკია”. დახმარების მსურველებისთვის (შემომწირველებისთვის) კი სპეციალური საიტი-  www.ghfund.ge შეიქმნა, სადაც ყველა სახის ინფორმაცია განთავსდება.

ბენეფიციარი კომპანიების შერჩევა შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება. 

დახმარების მსურველთა სიაში მოსახვედრად, კომპანია შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • მინიმუმ 2 წლიანი ფუნქციონირების ისტორია;
  • 2023 წლიდან დღემდე იყოს დღგ-ს გადამხდელი;
  • ჰქონდეს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა - შპს სტატუსი;
  • წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 ლარს.

დახმარების ოდენობა კომპანიის სიდიდის და წლიური ბრუნვის მიხედვით, შპს-ს წლიური ბრუნვის 2%-5%-ით განისაზღვრება.

„სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კუთხით - რადგან მხოლოდ სტუმარმასპინძლობის სექტორი ათასობით სამუშაო ადგილს ქმნის დედაქალაქში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მცირე ტიპის რესტორნები, საოჯახო სასტუმროები და ადგილობრივი საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სექტორის გაძლიერებაში.

თუმცა, აღნიშნული სფერო განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოს მიმართ.

ტურისტების ნაკადის შემცირებამ და არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ, რიგი პრობლემები შეუქმნა ამ სექტორში არსებულ კომპანიებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. 

შედეგად, გაჩნდა იდეა, შექმნილიყო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებს, სტუმრების და ვიზიტორების სიმცირის მიუხედავად, დარჩნენ ბაზარზე, შეძლონ ფუნქციონირება და სამუშაო ადგილები შეუნარჩუნონ დასაქმებულებს,”- აღნიშნეს „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის” დამაარსებლებმა.