ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება საქართველოში ავტომობილებით ვაჭრობასა და ამ სექტორში ქვეყნის ჰაბის ფუნქციაზე გავლენას მოახდენს. ასეთი მოლოდინი აქვთ „ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში.” ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ თუ აშშ-ში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დაეცა, მაშინ ამერიკის ბაზარზე მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც მიწოდებას შეამცირებს და მეორად მანქანებზე ფასს გაზრდის. მისივე თქმით, საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 80% სწორედ შეერთებული შტატებიდან შემოდის.  

,,პირდაპირ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ ირიბად მოახდენს. ჩვენ შემოგვყავს მეორადი ავტომობილები და არა ახალი ავტომობილები აშშ-დან. თუ აშშ-ის მოსახლეობის მსყიდველობით უნარიანობაზე იმოქმედებს არა მარტო ეს (ტარიფები), არამედ სხვა ფაქტორებიც, ბუნებრივია მიწოდება მეორადი ავტომობილების ბაზარზე შემცირდება და აქედან გამომდინარე ფასებიც გაიზრდება. ამიტომ, დიდ წილად დამოკიდებული ვართ აშშ-ში მიმდინარე პროცესებზე. არა მარტო ავტომობილების გაძვირება არ გაძვირების თვალსაზრისით, არამედ იმაზეც თუ რამდენად შეუმცირდებათ ან გაეზრდებათ მსყიდველობითი უნარი ამერიკის მოქალაქეებს. თუ შემოსავალი შეუმცირდა ამერიკის მოქალაქეს ახალი ავტომობილი ფუფუნების საგანი გახდება და ის იძულებული იქნება იყიდოს არა ახალი ავტომობილი, არამედ შეიძინოს მეორადი. ეს იმოქმედებს მეორადი ავტომობილების ბაზარზე. შეამცირებს მიწოდებას. გამოიწვევს დეფიციტს და ფასების ზრდას.’’- აცხადებს ალექსი ნონიაძე.

,,ავტოიმპორტიორთა ასოციაციის'' ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საჭიროა ალტერნატიული ბაზრების მოძიება. ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ გამოწვევა პრობლემის სახით ჯერ არ დგას დღის წესრიგში, თუმცა იმისათვის, რომ შექმნილმა ვითარებამ ქვეყნის ჰაბის ფუნქცია არ დააზარალოს, მოქმედება დღესვეა საჭირო. პრობლემურია ისეთი მასშტაბის მქონე ბაზრის მოძიება, როგორიც აშშ-ია. ,,ავტოიმპორტიორთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი ალტერნატიულ ბაზრად ჩინეთს განიხილავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მანქანების რეექსპორტის გეოგრაფია იცვლება.

 ,,ალტერნატიული ბაზარი იმ მასშტაბით, რაც აშშ იყო ძნელი მოსაძებნი. შემთხვევით არ ხდებოდა, რომ იმპორტირებული ავტომობილების 80% აშშ-დან მოდიოდა. ერთადერთი ალტერნატივა არის ჩინური ბაზარი და ჩინური ავტომობილები. ჩინური ავტომობილების შემოყვანის სურვილი და მცდელობა ადრე გვქონდა, მაგრამ ჩინურ ავტომობილებს ის გამოწვევა აქვთ, რომ შეიძლება შიდა ბაზარი დააკმაყოფილონ ასე, თუ ისე. მაგრამ, მთლიანად მანქანების  რეექსპორტის გეოგრაფია იცვლება. ჩინეთიდან წამოსული ავტომობილი ხმელეთით რომ გამოივლის ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან ჩვენი ძირითადი გასაღების ბაზარი (რეექსპორტის კუთხით ვამბობ), მანქანა ჩამოვა თბილისში, მერე უკან ვერ შეძლებენ დაბრუნებას. ამიტომ, ყაზახები და ყირგიზები მოახერხებენ ჩვენთან მანქანის ჩამოყვანას, ვიდრე ჩვენ ვიქნებით მათთვის ჰაბი. სახელმწიფოსთან და კომპანიებთან ერთად ასოციაციამ უნდა იმუშაოს ახალი ბაზრის მოძიებაზე. თუ არ იქნება ნება, როგორც სახელმწიფოსი ასევე, თუ არ იქნება გაწერილი პროგრამები, ამისთვის ბიუჯეტი თუ არ გამოიყოფა და არ დავიწყებთ დღესვე მუშაობას, შეიძლება ხვალ ერთმა, ორმა კომპანიამ რაღაც მოახერხოს, მაგრამ ეროვნული მასშტაბით გარკვეულ წილად დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ, დღესვე უნდა დავიწყოთ ახალი ბაზრების მოძიებაზე ფიქრი და რაღაც ნაბიჯების გადადგმა, ვიდრე ხვალ, როცა უკვე ეს შეიძლება გვიანი იყოს. ახალი ბაზრების მოძიებაზე ნება უნდა იყოს როგორც სახელმწიფოსი, ხედავდეს სახელმწიფო ამ გამოწვევებს, თუ მისთვის ეს დარგი მნიშვნელოვანია. ასევე კომპანიებმაც უნდა დაინახონ, რომ დღეს ეს შეიძლება არ არის გამოწვევა, მაგრამ ხვალ გახდეს ეს გამოწვევა. ერი და ორი კომპანია რაღაც მიმართულებით შეიძლება გადაეწყოს, მაგრამ ჩვენ ხომ ერთ და ორ კომპანიაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ჰაბზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ არ გადაიდგა ნაბიჯები ამ რეალობის წინაშე დავდგებით“, - აცხადებს ალექსი ნონიაძე.