საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.
დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დუმბაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები იგეგმება №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში.
რეფორმა მიზნად ისახავს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდასა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.
ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები დაგაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.
რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას – შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები – იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.
აღნიშნული ცვლილებები სამშენებლო სექტორისა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სისტემურ რეფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო ხარისხიანი, მდგრადი და დროულად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებას.