2021 წლის მონაცემებით, ტოპ 7 საცალო სავაჭრო ქსელს შორის საქართველოში ყველაზე მაღალი მოგების მარჟა „აგროჰაბს“ (8%), ყველაზე დაბალი კი „გუდვილს“ (0.03%) აქვს. სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი FinSPOT-მა გამოაქვეყნა.
ტოპ 7 საცალო სავაჭრო ქსელს შორის მაღალი მოგების მარჟით მეორე ადგილზე „ფუდმარტი“ („იოლი“ და „სპარი“), მესამეზე „ორი ნაბიჯი“, მეოთხეზე „ნიკორა“, მეხუთეზე კი „კარფურია“.
FinSPOT-ის ინფორმაციით, ზოგადად საცალო ვაჭრობის კომპანიებს საკმაოდ დაბალი მოგების მარჟა აქვთ.
„აგროჰაბის წმინდა მოგების მარჟა ბევრად აღემატება სხვა საცალო ვაჭრობის ქსელების მაჩვენებლებს. მთავარი მიზეზი: ნატურალური პროდუქტების უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებით საშუალო და მაღალ სეგმენტზე გადის, სადაც მაღალი მარჟის დაჭერას ახერხებს. გუდვილის შემთხვევაში ეს ვერ ხერხდება, რადგან კომპანია რეაბილიტაციის რეჟიმშია და სესხების დიდი რაოდენობით დაფარვის ვალდებულება აქვს, რაც უარყოფითად აისახება მომგებიანობაზე“, - აღნიშნავენ FinSPOT-ში.
2021 წლის მონაცემებით, შემოსავლების მიხედვით ლიდერი „ნიკორა ტრეიდია“ (651 მლნ ლარი), მეორე ადგილს „ორი ნაბიჯი“ (593 მლნ ლარი), მესამეს კი „კარფური“ (570 მლნ ლარი) იკავებს.
რაც შეეხება საოპერაციო შემოსავალს, რეიტინგში ლიდერი „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“ და „ფუდმარტია“.