„მხოლოდ პირდაპირი სტატისტიკით მშენებლობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა თბილისის ეკონომიკის მეხუთედზე მეტია“ - ამის შესახებ bmg-თან თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დარგი დედაქალაქის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია, სადაც ათი ათასობით ადამიანია დასაქმებული.

„თბილისის ეკონომიკისთვის სამშენებლო სექტორი უმნიშვნელოვანესია, მხოლოდ პირდაპირი სტატისტიკით მშენებლობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა თბილისის ეკონომიკის მეხუთედზე მეტია, მაგრამ, ამას უნდა დავამატოთ საფინანსო და სავაჭრო სექტორის გადაჯაჭვულობა და წარმოებული პროდუქტები რაც ასევე სამშენებლო სექტორთან არის დაკავშირებული. დასაქმებულია ათი ათასობით ადამიანი, მათი უსაფრთხოება და სექტორში არსებული ხარისხის გაუმჯობესება ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ მსგავსი ტიპის გამოფენები უწყობს ხელს სექტორის განვითარებას და თბილისის მერია ყოველთვის მოხარული იქნება ამ პროცესში მონაწილეობით.

რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, პროცედურებს და ბიუროკრატიას, შეიძლება ითქვას ახლა არის მინიმუმამდე დაყვანილი პროცედურებისთვის საჭირო ვადა, რომელიც, აუცილებელია თავად იმისთვის, რომ პროდუქტის ხარისხი და უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ. ეს არის მინიმუმი დრო რაც ამ ეტაპზე შესაძლებელია არსებული ტექნოლოგიით.“ - განაცხადა ლომჯარიამ უძრავი ქონების კვირეულზე. 

bm.ge