ხორბლის ფქვილისა და ქატოს ადგილობრივი ბრენდი „მოზილე“ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და წარმოებაში ცეხვილი ფქვილის დამატებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გულიკო შოშიტაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ახალი პროდუქტის წარმოების დაწყება დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზეც იქნება დამოკიდებული.

„ძალიან მინდა, ცეხვილი ფქვილი დავამატო, თუმცა ისევე, როგორც ქატო, ცეხვილი ფქვილიც მალფუჭებადი პროდუქტია, რადგან მასში ქატო ურევია. ამისთვის უფრო დიდი ფართობი და სამაცივრე დანადგარებია საჭირო, რომ ფქვილი უსაფრთხოდ შევინახო და მომხმარებლამდე მივიტანო.

თავდაპირველად მცირე რაოდენობით წარმოება მინდოდა, თუმცა ცალკე პროდუქტის წარმოების დაწყებას დამატებითი ინვესტიცია სჭირდება. გარდა ამისა, ბაზარზე ისეთი მოთხოვნა არ არის, რომ ამ ეტაპზე ეს ხარჯი ღირდეს.

ქატოს წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდება. მას თავისი მომხმარებელი ჰყავს და საჭიროებაც არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მოთხოვნა იმდენად დიდი არ არის, რომ მოგება დამრჩეს.

ძალიან მინდა, ცეხვილი ფქვილიც ვაწარმოო. მით უმეტეს, ჩვენი ოჯახი თავადაც მოიხმარს ცეხვილ ფქვილს და მისგან შესანიშნავი პური ცხვება“, - განაცხადა გულიკო შოშიტაშვილმა.

ცნობისთვის, „მოზილე“ ადგილობრივი წარმოების ხორბლის ფქვილისა და ქატოს ბრენდია. პროდუქცია მზადდება ქვემო ქართლში, თეთრიწყაროში მოყვანილი ხორბლისგან, დანამატების გარეშე. ამჟამად მისი შეძენა „გუდვილისა“ და „ფრესკოს“ სავაჭრო ქსელებშია შესაძლებელი.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"