„მომარაგების კუთხით ამ ეტაპისთვის პრობლემა არ გვაქვს“ - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ წინასააღდგომო პერიოდში ობიექტების მომარაგებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მანვე ისაუბრა ამ ეტაპზე დისტრიბუტორებისთვის არსებულ გამოწვევაზე და ყურადღება გაამახვილა დიდგაბარიტებიანი ტრანსპორტისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე. მისი თქმით, საცობების გამო დისტრიბუტორები 17:00 საათამდე დაბრუნებას ვერ ასწრებენ და ჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დიდგაბარიტიანი სადისტრიბუციო ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ძალაში 1-ლი იანვრიდან შევიდა. ამ გადაწყვეტილებით სადისტრიბუციო ტრანსპორტს 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მერიის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე გადაადგილება ეზღუდებათ.
„მომარაგების კუთხით პრობლემა არ არის. ერთადერთი პრობლემა რაც ამ ეტაპისთვის იქმნება, სამწუხაროდ, გახლავთ ის, რომ საღამოს მომარაგების შემდეგ, საცობების გამო ვეღარ ასწრებენ დისტრიბუტორები დაბრუნებას და ჯარიმდებიან. ჯარიმები საკმაოდ კოლოსალურია კომპანიებისთვის, რომლებსაც რამდენიმე ათეული სატრანსპორტო საშუალება ჰყავთ.
პირველი ჯარიმა კომპანიაზე არის 1000 ლარი, ყოველი შემდგომი 3 000 ლარს უტოლდება და არსებობს ამ კუთხით გამოწვევები, რომელსაც, სამწუხაროდ, კომპანიები ამ ეტაპისთვის ვერ ჭრიან. კომპანიებმა მოგვმართეს, რომ საცობის გამო პრობლემა შეექმნა რამდენიმე სადისტრიბუციო მანქანას, ფიზიკურად ზონა ვერ დატოვეს და დაჯარიმდნენ. სხვა მხრივ მომარაგების კუთხით ამ ეტაპისთვის პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის 1-ლი დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს. აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. უკვე 2025 წლის 1-ლი იანვრიდან კი აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო მანქანებზეც ვრცელდება.
დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.
რეგულაციის მიხედვით, დამრღვევ პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი. რეგულაციის ფარგლებში, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ჯამში 363 322 ლარის ჯარიმა გამოიწერა.