გუდაურში მდებარე სასტუმრო „მარკო პოლო“ მომხმარებელს მიმდინარე წლის  ზამთრის სეზონზე სიახლით ხვდება და პადელის კორტებს ამატებს - ამის შესახებ „კომერსანტთან“ გუდაურის სკი რეზორტის ბიზნეს განვითარების დირექტორმა მაკო ჩიკოიძემ განაცხადა. პადელი ეს არის ჩოგბურთის ტიპი, რომელიც ძალიან თანამედროვე და „ტრენდულია“ მსოფლიოში, სასტუმრო „მარკო პოლოს“ კი ექნება, როგორც დახურული, ასევე ღია პადელის მოედანი და მომხმარებლებს ოთხივე სეზონზე მოემსახურება. ჩიკოიძე ასევე აღნიშნავს, რომ ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარე პადელის მოედანი. 

ჩიკოიძის თქმით 2023-2024 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მოლოდინები საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს დამოკიდებულია რეგიონში არსებულ ვითარებაზე და იმაზე თუ როგორი თოვლი მოვა.

„ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მოლოდინები ძალიან მაღალია, თუმცა არის ორი ფაქტორი, ერთ-ერთი მათგანი ისრაელში არსებული ვითარებაა, ისრაელის ბაზარი, როგორც „მარკო პოლოში“, ასევე მთლიანად გუდაურში საკმაოდ მსუყედ იყო წარმოდგენილი, ძალიან მსხვილი შემომყვანები გვყავდა ისრაელიდან, განსაკუთრებით სკი რეზორტის მიმართულებით, თუმცა ეს სეგმენტი დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იქნება თუ არა ისრაელი წარმოდგენილი არა მხოლოდ „მარკო პოლოში“, არამედ მთლიანად გუდაურში, არ ვიცით. 

თუმცა ამ ფაქტის მიღმა შეგვიძლია იმის თქმა, რომ „მარკო პოლოში“ დატვირთულობა გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ თებერვალში გუდაურში ჩემპიონატი ტარდება, თებერვალი საკმაოდ  დატვირთული ჩანს, გარანტირებული ჯავშნები ზამთრის სეზონზე 50%-ს სცილდება და ამ კუთხით საკმაოდ პოზიტიურად ვართ განწყობილი.“ - აღნიშნა მაკო ჩიკოიძემ. 

ჩიკოიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო „მარკო პოლო“ ისტორიული სასტუმროა და გუდაურიც „მარკო პოლოთი“ დაარსდა, ის ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ საყვარელი სასტუმროა და სეზონზე  დამსვენებლების 40-50%-ს ყოველთვის ქართველები შეადგენენ. 

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან „მარკო პოლოსთან“ მიმართებით გამოვყოფდი ტურისტებს ისრაელიდან, მათგან საკმაოდ მოცულობითი მოთხოვნა იყო შემოსული, თუმცა რამდენად შედგება ეს, ვერ გეტყვით, რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, „მარკო პოლოს“ მომხმარებლებში მკვეთრად ჭარბობს ევროპელი ტურისტები, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს  ვთავაზობთ „ჰელისკის“, რაც მომხმარებლების მთაზე ვერტმფრენით აყვანას და იქიდან თხილამურით დაშვებას გულისხმობს, ეს მიმართულება ევროპის ბევრ ქვეყანაში ცხოველთა დაცვის მიზეზით შეზღუდულია, თუმცა გუდაურში გვაქვს, ასევე არის  კანადაში და უშუალოდ იგივე კომპანიის ვერტმფრენები არიან ჩვენ სასტუმროში გაჩერებული. ჰელისკინგიც განაპირობებს მაღალ სეგმენტის მომხმარებლების მოზიდვას, ამიტომ „მარკო პოლოს“ ისტორიიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ საუკეთესო სასტუმროა და ჰელისკინგი აქვს, ასევე  დამსვენებელს ვთავაზობთ სხვადასხვა აქტივობას, ბოულინგს, გასართობ ცენტრს, რომელიც  რეგიონში  ერთადერთია,  ევროპელი ტურისტების რაოდენობას არ ვუჩივით. აქ ჩამოდიან ის ადამიანები ვინც სრიალი იცის და გუდაურის ტრასებს აფასებს“- აღნიშნა მაკო ჩიკოიძემ.  

რაც შეეხება კურორტზე წყლის და გათოვლიანების მიმართულებით გასულ წელს არსებული პრობლემების მოგვარებას, მაკო ჩიკოიძე აღნიშნავს, რომ იმ ინფორმაციით, რასაც შესაბამისი უწყებები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აწვდიან, კურორტი მომხმარებელს შარშანდელთან შედარებით უფრო მომზადებული ხვდება. 

„კერძო სექტორის წარმომადგენლები, სახელმწიფო თუ კურორტზე პასუხისმგებელ სხვა პირებთან ხშირად ვსვამთ კითხვებს, თუ როგორ იქნება გათოვლიანების სისტემა იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი თოვლი არ მოვა, ასევე რამდენად მოგვარდა წყლის პრობლემები, როგორც გვეუბნებიან, წელს გასულ წელთან შედარებით უფრო მომზადებულები არიან, შარშან იყო წყლის რაოდენობის პრობლემა, ანუ არ იყო ის რაოდენობა, რაც ხელოვნური გათოვლიანებისთვის აუცილებელია, ეს რომ შარშან სრულყოფილად გამართულიყო, მაშინ ჩნდებოდა კითხვა რამდენად ეყოფოდა წყლის მოხმარება აპარტამენტებს, სასტუმროებს და ჰოსტელებს. ახლა ამბობენ, რომ უფრო მომზადებულები არიან, წყლის მიწოდებაც მეტი იქნება, ასევე უფრო მეტად არის რისკები გათვლილი, დაგეგმილია საიდან შეიძლება დაიყაროს თოვლი და რამდენი სჭირდება. შარშან ნამდვილად გვყავდა მომხმარებლები, რომლებიც ჩიოდნენ, რომ არც ბუნებრივი და არც ხელოვნური თოვლი არ ჰქონდათ  და რა შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა მათთვის“ - აღნიშნა მაკო ჩიკოიძემ. 

კითხვაზე, აისახა თუ არა რუსეთიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების გახშირება „მარკო პოლოზე“ და მომრავლდნენ თუ არა რუსი  ტურისტები, მაკო ჩიკოიძე პასუხობს, რომ რუსები უფრო აპარტამენტებს მიმართავენ და მათი სეგმენტი „მარკო პოლოში“ შემცირებულია. 

„რუსები გუდაურში ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილები, მაგრამ უფრო აპარტამენტებში ისვენებენ, ან თვითონ ფლობენ აპარტამენტებს, უნდა აღვნიშნო, რომ ეს სეგმენტი კოვიდის მერე მარკო პოლოში ძალიან შემცირებულია და ჩვენზე არც ფრენების გახშირება ასახულა.  

ზოგადად გუდაურის მიმართ შეიძლება მომატებული იყოს მათი რაოდენობა, მაგრამ აქ გასამიჯნია სასტუმროს და აპარტამენტების მიმართულება“ - აღნიშნა მაკო ჩიკოიძემ. 

რაც  ეხება სასტუმროში განთავსების ფასებს და სერვისებს, მაკო ჩიკოიძე აღნიშნავს, რომ მომსახურებაზე და სერვისებზე ფასების გაზრდა დაახლოებით 10-15%-ით მოუწიათ არა მარტო ზამთრის, არამედ დაბალ სეზონზეც, რომელიც აპრილიდან იწყება და დეკემბრამდე გრძელდება. 

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფასი დავიჭიროთ და ლოიალურები ვიყოთ, მით უმეტეს გვყავს მუდმივი და  ლოიალური მომხმარებლები, მაგრამ ფასის გაზრდა მაინც გვიწევს, რადგან ეს არის ზუსტად იმ ფასებით განპირობებული, რაც სასტუმროს ხარჯვის ნაწილში აქვს, ასევე გავუზარდეთ დასაქმებულებს ანაზღაურება, რადგან იმ ხელფასზე რასაც  შარშან ვიხდიდით, დღეს თანამშრომლის პოვნა შეუძლებელია“ - აღნიშნა მაკო ჩიკოიძემ.