გერმანიის კანცლერი პირობას დებს, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას ახალი სანქციებით გააძლიერებს. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას განაცხადა.

მერცის თქმით, მიუხედავად უკრაინის კონსტრუქციული დამოკიდებულებისა, სტამბოლში გამართულმა მოლაპარაკებებმა მათი მოლოდინები ვერ გაამართლა.

„სტამბოლში გუშინდელმა მოლაპარაკებებმა ჩვენი მოლოდინები ვერ გაამართლა, მიუხედავად უკრაინელი მომლაპარაკებლების მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულებისა. დელეგაციებმა მაინც შეძლეს ტყვეების გაცვლაზე შეთანხმება, მაგრამ რუსეთი აქამდე უარს აცხადებს ყოვლისმომცველი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის მიღებაზე. პრეზიდენტი პუტინი თავად არ იყო მზად, რომ თურქეთში ჩასულიყო. მისი ჯარები დღესაც მთელი ძალით აგრძელებენ თავდასხმებს. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. სამშაბათს გვსურს ევროკავშირში სანქციების მე-17 პაკეტის ამოქმედება. სხვა საკითხებთან ერთად ის მიმართული იქნება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბალტიის ზღვაში. კომისია უკვე მუშაობს შემდგომ წინადადებებზე“, – განაცხადა მერცმა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ რეფერენდუმს, თუ ქვეყანაში ასეთი რეფერენდუმი ჩატარდება.

„სანქციები შავი ჭირის მსგავსია და მე უარვყოფ სანქციების პოლიტიკას“, – განაცხადა რობერტ ფიცომ და აღნიშნა, რომ დაწესებული სანქციები ევროპას აზიანებს, ხოლო რუსეთი სანქციებს სწრაფად შეეგუა.

რობერტ ფიცოს თქმით, ისეთი სანქციები თუ დაწესდება, რომლებიც სლოვაკეთს დააზიანებს, მათ ვეტოს დაადებს.

მაისის დასაწყისში სლოვაკური გამოცემა Dennik N წერდა, რომ ორგანიზაციამ „სლოვაკური აღორძინების მოძრაობამ“ სლოვაკეთის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის პეტიცია წარუდგინა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების რეფერენდუმის გამოცხადების მოთხოვნით.​​​​​​​​​​​​​​​​