2022 წელს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში 288 მოქმედი პირი დაფიქსირდა. 100 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მხოლოდ სამმა კომპანიამ: „მაგთიკომმა“, „სილქნეტმა“ და „ვიონი საქართველომ“ (ბრენდული სახელით „ბილაინი“) მიიღო და მათ მიერ  მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის 86% შეადგინა, ხოლო იმ კომპანიების ჯამური შემოსავალი, რომლებმაც 2022 წელს 100,000 ლარზე ნაკლები მიიღეს, დარგის მთლიანი შემოსავლის 0,4% იყო -  ამის შესახებ საუბარია კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში.

„2022 წელს საქართველოში მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა და პენეტრაცია 160%-დან 170%-მდე გაიზარდა. ბოლო ხუთ წელიწადში დაფიქსირებული რეკორდულად  მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ერთ მომხმარებელს საშუალოდ, ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს და მობილური მომსახურებების სასურველი შეთავაზების მისაღებად სხვადასხვა ოპერატორის  მომსახურებით სარგებლობს. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა მობილური აბონენტების რაოდენობა და წლის ბოლოსთვის 5.84 მლნ შეადგინა.

ბოლო წლებში ზრდა ფიქსირდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობაში. 2022 წლის ბოლო კვარტალში იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ მთლიანი აბონენტების 24% შეადგინა.

მობილური მომსახურების ყველაზე მეტი აბონენტი „მაგთიკომს“ ჰყავს. მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით 2022 წლის ბოლოსთვის, 2021 წელთან შედარებით, არ შეცვლილა და ასე განაწილდა: „მაგთიკომი“ - 42%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ბილაინი“ - 25%. 2022 წელს ოპერირება დაიწყო მობილურმა ვირტუალურმა ქსელის ოპერატორმა „ეკლეკტიკმა“ ბრენდული  სახელით „ჰალო“. წლის ბოლოს „Hallo”-ს აბონენტების რაოდენობა 3,493-ს შეადგენდა.

2022 წელს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 702 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წელს მიღებულ  საცალო შემოსავალზე 26%-ით მეტია. საცალო შემოსავლებში „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 50%, „სილქნეტის“ - 34%, ხოლო „ბილაინის“ - 16%-ია. დინამიკაში ბაზრის მოთამაშეთა წილი როგორც აბონენტების რაოდენობის,  ისე შემოსავლების მიხედვით, უმნიშვნელოდ იცვლება.

შემოსავლებისა და აბონენტების მიხედვით საბაზრო წილების განსხვავებული გადანაწილება კომპანიებს  შორის, იმაზე მიუთითებს, რომ „მაგთიკომის“ აბონენტები საშუალოდ, უფრო მეტ თანხას იხდიან მობილურ  მომსახურებებში, ვიდრე „ბილაინის“ მომხმარებლები, ხოლო „სილქნეტის“ შემთხვევაში, აბონენტებისა და შემოსავლის წილები თითქმის თანაბარია, რაც ნიშნავს იმას, რომ „სილქნეტის“ აბონენტები საშუალოდ, „ბილაინის“ აბონენტებზე მეტს, მაგრამ „მაგთიკომის“ აბონენტებზე ნაკლებს იხდიან.“- ნათქვამია ანგარიშში.