საქართველო მიესალმება ჩინელ ინვესტორებს, რათა მათ გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები თავიანთი ბიზნესის გასაზრდელად - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ტინგ სუესიანგთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შემდგომ გაძლიერებაზე. მისი თქმით, საქართველო მიესალმება ჩინელ ინვესტორებს, რათა მათ გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები თავიანთი ბიზნესის გასაზრდელად, მათ შორის სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, სტუმარ მასპინძლობის, უძრავი ქონების, წარმოებისა და ენერგეტიკის სექტორებში.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია - ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ამის ერთ-ერთი მაგალითია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.

2023 წელს ჩინეთიდან განხორციელდა 98 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც 125%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ასევე ხაზგასასმელია, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის - გასულ წელს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით რეკორდულად გაიზარდა და ვფიქრობთ, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენების გაფართოება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურისტულ ნაკადებს და გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს“ - განაცხადა დავითაშვილმა.