2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოქალაქეების მიერ დაგირავებული ქონების ღირებულებამ 2.135 მლრდ ლარი შეადგინა. მათ შორისაა ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები, უძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები.

ყველაზე დიდი წილი ძვირფას ლითონებზე მოდის. კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ფიზიკურ პირებს 1.619 მლრდ ლარის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები აქვთ დაგირავებული.

კონსოლიდირებული ფინანსური მონაცემების მიხედვით, მესამე კვარტლის მდგომარეობით, დაგირავებული უძრავი ქონების ღირებულება 128.9 მლნ ლარს, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების — 387.5 მლნ ლარს შეადგენდა.

შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოქალაქეების მიერ დაგირავებული ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების ღირებულება 1.238 მლრდ ლარი იყო.

ამასთან, 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ 2.236 მლრდ ლარი შეადგინა, იურიდიულ პირებზე გაცემულმა სესხებმა კი 19.1 მლნ ლარს მიაღწია.