Kaspi თურქეთის ბაზარზე ფინანსური პროდუქტების განვითარებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელისა და თანადამფუძნებლის მიხეილ ლომთაძის განცხადებით, კომპანიამ თურქეთში ბანკის შეძენაზე შესაბამისი თანხმობა უკვე მიიღო.

ამის შესახებ ლომთაძემ Fintech Leaders-ის პოდკასტში, მიგელ არმაზასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ახლახან მივიღეთ თანხმობა ბანკის შეძენაზე, რაც ფინანსური პროდუქტების გაშვების შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენი გუნდი ძალიან მოტივირებულია“, – განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.

მისი შეფასებით, თურქეთის ბაზარი დაახლოებით 90 მილიონ მომხმარებელს მოიცავს. Kaspi-ის საკუთრებაში არსებული Hepsiburada-ს მობილურ აპლიკაციას ყოველთვიურად 18 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს, საიდანაც 3-3.5 მილიონი რეალურ მყიდველად იქცევა.

ყაზახეთისა და თურქეთის ბაზრების გაერთიანებით, კომპანიის მომხმარებელთა საერთო აუდიტორია ამ ეტაპზე დაახლოებით 25 მილიონს შეადგენს, მაშინ როდესაც Kaspi-ის გრძელვადიანი მიზანი 100 მილიონ მომხმარებლამდე ზრდაა.

ლომთაძის თქმით, Hepsiburada-ს შეძენის შემდეგ პირველ წელს კომპანიამ ახალი სერვისების სწრაფად დამატებაზე უარი თქვა და ძირითადი ყურადღება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას დაუთმო. სამუშაოები მოიცავდა მიწოდების სისწრაფეს, აპლიკაციაში ნავიგაციას, ძიების სისტემას, პერსონალიზაციასა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებას.

„მხოლოდ არსებული პროდუქტებით კმაყოფილი მომხმარებელი იწყებს ახალი პროდუქტების გამოყენებას. თუ მომხმარებლები მხოლოდ საშუალოდ არიან კმაყოფილი, ახალი პროდუქტის დამატებისას ნაწილი მას გამოიყენებს, ნაწილი კი წავა, რის შემდეგაც კომპანიას დაკარგული მომხმარებლების დასაბრუნებლად რეკლამასა და დამატებით ინვესტიციებში თანხის დახარჯვა უწევს“, – განაცხადა Kaspi-ის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეკვეთების რაოდენობა, თვიდან გამომდინარე, დაახლოებით 20%-ით იზრდება და Kaspi თურქეთის საცალო ვაჭრობის სექტორში მოქმედ ყველაზე სწრაფად მზარდ საჯარო კომპანიებს შორისაა.

„მაგრამ ჩვენ ჯერ რეალურად არც კი დაგვიწყია“, – აღნიშნა მიხეილ ლომთაძემ.