მეღვინეობა "კოლოტის" პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე 1 თვეში გამოჩნდება. როგორც მეღვინეობა "კოლოტის" დამფუძნებელმა და დირექტორმა პაატა ლეკიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მეღვინეობა მოლაპარაკებებს როგორც ღვინის ფიზიკურ მაღაზიებთან, ისე ონლაინ გაყიდვების პლატფორმებთან აწარმოებს.

მისივე ინფორმაციით, ახმეტის რაიონში მდებარე მეღვინეობა, ჯამში 2 დასახელების ღვინოსა და 2 დასახელების ჭაჭას აწარმოებს.

"ვენახი 7 წლის წინ გავაშენეთ. ამჟამად, 2 დასახელების ყურძენი - საფერავი და რქაწითელი გვაქვს. 2022 წელს პირველი მოსავალი ავიღეთ და აქცენტი ბიო მიმართულებაზე გავაკეთეთ. ჩვენი ვენახიც და პროდუქციაც ბიო სერტიფიცირებულია. ღვინის გარდა გვაქვს კლასიკური და მუხაში დავარგებული ჭაჭა. ამ ეტაპზე, წარმოებაში სხვა პროდუქცია არ გვაქვს.

ჯერჯერობით ჩვენი პროდუქცია ბაზარზე არ გამოჩენილა. აქამდე, დამზადების პროცესი მიმდინარეობდა და ახლა გადავერთვეთ სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაზე", - აცხადებს პაატა ლეკიაშვილი.

რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს - მეღვინეობა ადგილობრივი ბაზრის ათვისების პარალელურად საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე მუშაობს. პაატა ლეკიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ყაზახეთთან მიმდინარეობს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ღვინო ბიო წარმოებაა, ფასი შედარებით სხვა ღვინოებთან მაღალია, რაც საქართველოს ბაზარზე ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის დიდი ფუფუნება იქნება. შესაბამისად, ჩვენი სამიზნე ბაზარი ევროპის ქვეყნები და ამერიკა იქნება, თუმცა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან თუ დაინტერესება იქნება, რა თქმა უნდა, აღნიშნულ მიმართულებებსაც ავითვისებთ.

უცხოურ ბაზრებზე გასვლა, მთლიანად მათ სურვილზეა დამოკიდებული. თუმცა ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები გვაქვს ყაზახეთთან, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან გერმანიასთან და პოლონეთთან.

ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში საკმაოდ კონკურენტული ვიქნები როგორც გემოვნური თვისებებით, ისე ხარისხით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ღვინო უცხოურ ბაზრებზე მაღალ საფასო კატეგორიაში გაიყიდება", - აცხადებს პაატა ლეკიაშვილი

"კოლოტის" დამფუძნებლის ინფორმაციით, მეღვინეობის მიზანი პროდუქციის 80%-მდე ექსპორტზე, ხოლო დანარჩენი რაოდენობის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციაა.

ცნობისთვის, "კოლოტის" 10 ჰა-ზე გაშენებული ვენახი და მარანი, ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდში მდებარეობს. მეღვინეობის წლიური წარმადობა კი, დისტილატების(გამოხდილი პროდუქცია) კუთხით 10-12 000 ბოთლია, ხოლო ღვინის კუთხით ჯამში 75 000 ბოთლამდე.

bp.ge