საიუველირო სახლმა „მარილისი“ ტაშკენტის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს ჯილდო მიიღო. პარალელურად ქალაქ ვაშინგტონში, ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით ჩატარებულ ჯგუფურ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ნატიფი ხელოვნების ნიმუშები მთელი მსოფლიოდან, „მარილისის“ ორი უნიკალური ოქროს სამკაული იყო გამოფენილი. ამის შესახებ ინფორმაციას „მარილისის“ დამფუძნებელი ნათია გოცირიძე ავრცელებს.
„მარილისს“ ოქროს სამაჯური ჰქონდა წარდგენილი საუკეთესო ოქროს სამკაულის და ტრადიციული სამკაულის ნომინაციაში.
„დაჯილდოება ბოლოსკენ მიდიოდა, პრიზი საუკეთესო ვერცხლის სამკაული, პრიზი საუკეთესო მამაკაცის სამკაული, პრიზი საუკეთესო ბრილიანტის სამკაული, ოქროს სამკაული, მესამე, მეორე, პირველი ადგილები... მერე ჩამოწვა სიჩუმე, მეგონა დამთავრდა დაჯილდოება და მკაფიოდ გაისმა - პრიზი საუკეთესო ნამუშევრებისთვის, რომელშიც წარსული და მომავალი ერთმანეთს ებმის, ნამუშევრები, სადაც შესანიშნავად ჩანს საიუველირო ხელოვნების მემკვიდრეობა და ცოდნის საგანძური გადაეცემა... „მარილისის“ სახელი ძლივს გავიგე, რადგან მთელი დარბაზი ფეხზე იდგა!“ - ასე იხსენებს „მარილისის“ დამფუძნებელი დაჯილდოების ცერემონიას.