საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე სწრაფი კვების საწარმოების ხუთეული ასე გამოიყურება: „ქეიეფსი“, „მაკშაურმა“,„ვენდისი“, „დანკინი“, „მაკდონალდსი“(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით).
აღსანიშნავია, ის რომ უკვე რამდენიმე წელია საერთაშორისო სავაჭრო ნიშნების მფლობელ კომპანიებთან ერთად ხუთეულში ადგილს მყარად ინარჩუნებს ქართული სავაჭრო ნიშანი - მაკშაურმა.
მაკშაურმის სავაჭრო ნიშნის მფლობელი კომპანია „ხარებაა“, რომელიც 2019 წლის 21 თებერვალს დაფუძნდა და მისი იურიდიული მისამართი თიანეთის რაიონი, სოფელი ჟებოტაა. ორგანიზაციის 100% წილის მფლობელი რამაზ ხარებავაა.
როგორც კომპანიის 2021 წლის ანგარიშგებაშია ნათქვამი, ძირითად საქმიანობას რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურება წარმოადგენს. 2021 წელს კომპანიას 4 239 114 ლარის ვალდებულებები და 1 550 493 ლარის კაპიტალი ჰქონდა.
2021 წელს კომპანიის საერთო მოგებამ 7 004 665 ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2020 წელს 2 550 388 ლარი იყო. 2021 წელს საოპერაციო მოგება 1 953 787, წმინდა მოგება კი 1 718 507 ლარი იყო. 2020 წელს ეს მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა საოპერაციო მოგება 457 419, წმინდა მოგება 393 322 ლარი.
ამ ეტაპზე ,,მაკშაურმა" 7 ფილიალით არის წარმოდგენილი, მათ შორის, 5 თბილისშია, 2 - ბათუმში მდებარეობს. კომპანიის გეგმებშია კიდევ 4 ფილიალის გახსნა. კომპანიაში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.