2023 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოში ჩადებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 399 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია.

2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 61.9 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 41.0 მლნ. აშშ დოლარით (13.0 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ეკონომიკის სექტორის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.3 პროცენტს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, კომპანიებს შორის, რომლებშიც წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო, არიან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, აზარტული თამაშების, საინჟინრო, კომუნიკაციების და სხვა სფეროებში მოღვაწე ორგანიზაციები.

კომპანიის დასახელება საქმიანობა ინვესტორი ქვეყანა
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი დამამუშავებელი მრეწველობა ნიდერლანდები
შპს მაგთიკომი ინფორმაცია და კომუნიკაცია აშშ
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური ტრანსპორტი და დასაწყობება დანია
სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები ესპანეთი
სს ბიჯეო ჯგუფი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები გაერთიანებული სამეფო
შპს ენთეინ ჯორჯია ხელოვნება, გართობა და დასვენება მალტა / გაერთიანებული სამეფო
შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება ნიდერლანდები
შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი ტრანსპორტი და დასაწყობება აზერბაიჯანი
შპს ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი (პეტროკას) ტრანსპორტი და დასაწყობება ვირჯინის კუნძულები, ბრიტანეთი
ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი მშენებლობა ჩინეთი
     

აღსანიშნავია, რომ ინვესტორი კომპანიების ჩამონათვალი რიგითობის მიხედვით არ არის მოცემული.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია 61.5 პროცენტით. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება. იმავე პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ გაიზარდა და 590.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის მოცულობა 30 პროცენტით შემცირდა და 329.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2023 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა აშშ - 51.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო - 45.8 მლნ. აშშ დოლარით (14.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 45.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7 პროცენტს შეადგენს.