„რთველში მონაწილეობის მისაღებად ინდოეთიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან არავინ ჩამოვა - მათ არც ქართული ღვინო აინტერესებთ და არც საკვები,“ - ასე გამოეხმაურა „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოში ინდური ქორწილების გამართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 15 მსხვილი ინდური კომპანია საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი. ადმინისტრაციის ცნობითვე, ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ამჟამად ტურიზმის ბაზარზე კრიტიკული მდგომარეობაა და მიუხედავად იმისა, რომ სწორება გვქონდეს მაღალმხარჯველ ქვეყნებზე, რომლებიც საქართველოს კულტურით არიან დაინტერესებულნი, ქვეყანაში შემოდიან აზიელი ტურისტები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ აინტერესებთ.
„ტურიზმის ბაზარზე კრიტიკული მდგომარეობაა. ჩვენი სწორება უნდა იყოს ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც ქართული ტრადიციითა და კულტურით, ღვინით იყვნენ დაინტერესებულნი. აზიის ქვეყნების წარმომადგენლებს არც ქართული ღვინო აინტერესებთ და არც საკვები. სწორედ ეს ორი ძირითადი ფაქტორი იყო იმის განმსაზღვრელი, რის მიხედვითაც ქვეყანას მაღალმხარჯველი ტურისტები სტუმრობდნენ და საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას ასრულებდნენ.
ახლა გადავედით შემოდგომის ფაზაში, რთველი იწყება და დაინტერესება მინიმალურია იმ სტუმრებისგან, რომლებიც ჩამოდიან. რთველში მონაწილეობის მისაღებად ინდოეთიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან არავინ ჩამოვა, არ ვგულისხმობ იაპონიას და სამხრეთ კორეას, საიდანაც ტურისტები ფაქტობრივად აღარ ჩამოდიან,“ - აღნიშნავს ჯაფარიძე.
მისი თქმით, ინფორმაციები, რომელსაც ტურიზმის ადმინისტრაცია პერიოდულად ავრცელებს, ღიმილის მომგვრელია.
„ინფორმაციები, რომელსაც ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს, უბრალოდ ღიმილს იწვევს და სერიოზულადაც რომ შევხედოთ მათ რომელიმე განაცხადს, წარმოუდგენელია. ლონდონთან დავიწყეთ პირდაპირი რეისები, რომელსაც მნიშვნელოვანი ძვრა უნდა შემოეტანა ტურიზმის სექტორში, მაგრამ არანაირი მარკეტინგული აქტივობა არ მომხდარა დიდ ბრიტანეთში ამასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნავს ცოტნე ჯაფარიძე.