ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის უმდიდრესი ადამიანების 2025 წლის სია – Forbes 400 გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, ტარიფებმა, ინფლაციამა თუ დასაქმების ზრდის შენელებამ ამერიკელი მილიარდერების ქონებაზე გავლენა ვერ მოახდინა და ისინი არასდროს ყოფილან ასეთი მდიდრები, როგორც ახლა.
აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის ქონება რეკორდულ 6.6 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საფონდო ბირჟების ზრდისა და ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, მათი სიმდიდრე 1.2 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.
ათი წლის წინ, Forbes 400-ში მოსახვედრად მინიმუმ 1.7 მილიარდი დოლარი იყო საჭირო და 3.8 მილიარდი დოლარის ქონებით რეიტინგის ზედა ნახევარში თავისუფლად აღმოჩნდებოდით – ახლა ეს თანხა სიაში მოსახვედრად მინიმალური მოთხოვნაა. მიუხედავად ამისა, 14 ახალწვეული, მათ შორის ოთხის ქონება 10 მილიარდი დოლარი ან მეტია, ამერიკის ყველაზე ელიტურ კლუბში მოხვდა.
აშშ-ის უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკია, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსსაც ფლობს. მისი ქონება 428 მილიარდს აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის Forbes 400-ში მასკის ქონება $244 მილიარდს უტოლდებოდა. ილონ მასკი შვიდი კომპანიის თანადამფუძნებელია, მათ შორისაა ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla, რაკეტების მწარმოებელი SpaceX და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI.
სიაში მეორე ადგილს Oracle-ის დაფუძნებელი ლარი ელისონი იკავებს, რომლის ქონება $276 მილიარდს შეადგენს. როგორც ხედავთ, ის მასკს $152 მილიარდით ჩამორჩება. გასული წლის Forbes 400-ში ელისონი $175 მილიარდით იყო წარმოდგენილი.
2025 წლის Forbes 400-ში მესამე პოზიციას კი Meta-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი იკავებს, რომელიც $253 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს. 2024 წლის სიაში ცუკერბერგი $181-მილიარდიანი ქონებით მოხვდა.
ჩამონათვალში მოხვდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც, რომელიც სიაში 201-ე ადგილს იკავებს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $7.3 მილიარდს შეადგენს. ცნობისთვის, 2024 წლის Forbes 400-ში ტრამპი $4.3 მილიარდს ფლობდა.