2014-2021 წლებში მაღალმთიან დასახლებებში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, 73.8%-ით, ხოლო სექტორის ბრუნვა 117.3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია ვკითხულობთ.

დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის 1 000 კაცზე გათვლით ყველაზე მეტი მოქმედი ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირებულია ყაზბეგის, ადიგენის, ამბროლაურის, ბორჯომის, ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, თეთრიწყაროს და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. 

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი სუბიექტი 2022 წელს დარეგისტრირდა, მათ შორის ყველაზე მეტი ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირებულია ახალციხის, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. 2014 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა გაიზარდა 73.8%-ით, ხოლო სექტორის ბრუნვა 117.3%-ით.

აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი დასახლებების მუნიციპალიტეტებში მეტი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, ვიდრე არამაღალმთიან დასახლებებში.

2014-2021 წლების შუალედში, არამაღალმთიან დასახლებებში დარეგისტრირებულ და მოქმედ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობა გაიზარდა 36%-ით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში იგივე მაჩვენებელმა 73.8% შეადგინა.

მაღალმთიან დასახლებებში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა 117.3%-ით, ხოლო არამაღალმთიან დასახლებებში 203%-ით.

საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 2014 წლიდან 2021 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა ბიზნეს სექტორის ბრუნვა. ჯამში ეს მაჩვენებელი 1 505.5 მლნ ლარიდან გაიზარდა 3 271.9 მლნ ლარამდე.

დოკუმენტის მიხედვით, 2014-2021 წლებში საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ზოგადი ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა პროდუქციის გამოშვება. პროდუქციის გამოშვება ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში და ეს მაჩვენებელი 2014-2021 წლებში თითქმის ყველა რეგიონში გაზრდილია, შემცირებულია მხოლოდ აჭარაში.