ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით 2025 წლის EU-ს გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოს მხრიდან ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საფრთხეში ჩაგდების შემდეგ, ევროინტეგრაციისადმი ერთგულების გამოხატვის ნაცვლად, საქართველომ ბოლო წლის განმავლობაში "კიდევ უფრო გადაუხვია ევროკავშირის გზიდან". 

შესავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, არ დაეწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, ცალსახად დაადასტურა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან მათი გადახვევა. 

ანგარიშის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა დამატებითი რეპრესიული ქმედებები, რაც ფუნდამენტურად შეუსაბამობაშია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის ღირებულებებთან, "რის პარალელურადაც საქართველოს ხელისუფლება სისტემატურადაა ჩართული უპრეცედენტო, ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრულ რიტორიკაში, რომელიც ხშირად თანხვედრაშია რუსული სტილის დეზინფორმაციასთან."

"საქართველოში დემოკრატიის კუთხით შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი უკუსვლა ანგარიშის წერის პერიოდში." - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები მიიღო სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რაც სერიოზულად უთხრის ძირს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისმიმართულებით საქართველო გარკვეულ და ზომიერ მზადყოფნას შორის იმყოფება. თუმცა ხაზგასმით წერია, რომ ანგარიშის მომზადების პერიოდში ამ მიმართულებით უკუსვლა შეინიშნებოდა. ნათქვამია, რომ ამ რეფორმას ძირი გამოუთხარა ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და სამართლებრივმა შესწორებებმა, რომლებიც ასუსტებენ საჯარო მოხელეების სამართლებრივ დაცვასა და პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალ, დამსახურებაზე დაფუძნებულ საჯარო სამსახურს.

“სტაბილური, თანამედროვე, ადამიანებზე ორიენტირებული, ეფექტური, პასუხისმგებლობიანი და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად საჭიროა მნიშვნელოვანი ძალისხმევა.” - წერია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით არ შესრულებულა ევროკომისიის რეკომენდაციები. შესაბამისად, რეკომენდაციები მეორდება: საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის ევროპულ პრინციპებთან და სტანდარტებთან შეთავსება, საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვის უკუსვლის შეჩერება, შესაბამისი გარანტიების მიცემით და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების უზრუნველყოფა.

სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ნაწილში წერია, რომ საქართველო მომზადების "ადრეულ ეტაპზე იმყოფება" მას შემდეგ, რაც უკვე მეორე წელიწადია, საქართველო ამ კუთხით უკუსვლას განიცდის: "შეცვლილი სამართლებრივი სისტემა ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, და აბათილებს წინა რეფორმებს. 

სამართლიანობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულება შეფასებულია როგორც "გარკვეული დონის მზადყოფნა". ხაზგასმულია, რომ ანგარიშზე მუშაობის დროს ამ მიმართულებით ვითარება გაუარესდა. 

“ცნობები პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ სასტიკი, არაპროპორციული და უკანონო ძალისა და დაშინების ტაქტიკის გამოყენებაზე, ასევე, დამნაშავეთა პასუხისგების ნაკლებობა, რისი შედეგიცაა ამ ქმედებებისთვის დაუსჯელობა, ხაზს უსვამს სერიოზულ ხარვეზებს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და სანდოობას. სამართალდამცავი ორგანოების ქცევა მიუთითებს გადაჭარბებულ პოლიტიკურ ჩარევაზე. სამართალდამცავთა ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები კიდევ უფრო შესუსტდა, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ საგამოძიებო ფუნქციები კიდევ უფრო მეტად კონცენტრირდა პროკურატურაში.” - წერია ანგარიშში. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო გარკვეული მზადყოფნის დონეზეა სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნულია, რომ ანგარიშზე მუშაობის პერიოდში მიღწეულ იქნა შეზღუდული პროცესი და ქვეყანაში გატარდა გარკვეული ზომები ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან საბრძოლველად. ასევე ხაზგასმულია, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა.

მასალა განახლებადია