„ლურჯ მოცვზე სტაბილური ფასი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დაახლოებით 6-8 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ სავარაუდოდ ეს ფასი არ იქნება, რადგან ძალიან კარგ მოსავალს ველოდებით,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ შპს „მეკოს“ დირექტორმა კოტე თავაძემ უთხრა. მისი თქმით ამ ეტაპზე ნაადრევი მოსავლის კრეფა მიმდინარეობს, მასიურ კრეფას 20 ივნისიდან ელოდებიან.
„ჩემი ახალი ბაღებიდან დაახლოებით 12-დან 14 ტონამდე მოსავალს ველოდები, როგორც ამბობენ 1კგ ჩასაბარებელი მოცვის ფასი 6-8 დოლარი იქნება, თუმცა ძალიან კარგი მოსავალია და ეს ფასი ვერ იქნება,“ - აღნიშნა კოტე თავაძემ.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, კოტე თავაძე აღნიშნავს, რომ ძირითადად აზიის ბაზრიდან არის მოთხოვნა. მისივე თქმით 150 კგ-მდე მოსავალი დუბაიში ნიმუშად აქვს გაგზავნილი და დადებითი პასუხის შემთხვევაში ექსპორტს დუბაიშიც დაიწყებს.
„ამჟამად დუბაის ბაზარზე ვმუშაობ, 150 კგ ნიმუშს ვაგზავნი, სავარაუდოდ ხვალ გაიგზავნება, თუ თანხმობა მომივა მათთანაც დავიწყებ მუშაობას. ძირითადად ლურჯი მოცვი აზიის ბაზარზე იყიდება.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მოთხოვნა აქაც არის, ოღონდ დიდი რაოდენობით არა, მაგრამ ტურისტები ყიდულობენ, ასევე იყიდება სუპერმარკეტებში, აგროჰაბს ვაბარებდი და წელსაც ველოდები, რომ მომცემენ შეკვეთას“ - აღნიშნა კოტე თავაძემ.
კოტე თავაძე აღნიშნავს, რომ მოცვის ბაღების გასაშენებლად თავდაპირველად სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლა შემდეგ „საქართველოს ბანკისგან“ აიღო სესხი რომლითაც ტექნიკა შეიძინა და მოცვის ბაღები გააფართოვა. მისი კომპანია ამ ეტაპზე ორ - 3ჰა და 2ჰა ფართობის ბაღებს ფლობს.